LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა შეინარჩუნონ სამსახური

88
მამუკა მდინარაძე

„მსოფლიოში არის თუ არა სადმე ერთად პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციას ითავსებდეს? – პასუხი ამაზე არის არა – ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, არამედ შეიძლება დამატებაც დასჭირდეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შემდეგ, უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება არ მოხდება. მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი მიმართულებით იყოფა, რის შემდეგაც, როგორც მანვე აღნიშნა, როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით უწყების გაძლიერება მოხდება.

„საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან ან სადმე მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, არის თუ არა სადმე ერთად, პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციას ითავსებდეს? – პასუხი ამაზე არის არა. გეთანხმებით იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რაც თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, რომ გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, ეს ორი ფუნქცია შესაძლებელია თუ არა ერთად იყოს, არ არის თავსებადი და არც არის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში იმისა, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია ითავსებდეს საგამოძიებო ფუნქციასაც.

ორივე ფუნქცია ძლიერდება. რამდენი წუთის წინ მოვისმინე, თითქოს ეს კანონპროექტი და მისი კანონად ქცევა, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ უწყებაში რჩებიან, რჩებიან უმუშევრები, – ესეც არის არასწორი ინფორმაცია. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ ამ წლების განმავლობაში, როგორც საგამოძიებო მიმართულებით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად, გაერთიანება გუნდის ერთ-ერთ ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა: ირაკლი კობახიძე

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმემ იფიქროს მათ ხელაღებით გათავისუფლებაზე და რაიმე ასეთ ჩარევაზე. ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, შეიძლება დამატებაც დასჭირდეს და პროფესიონალი კადრები ბუნებრივია შეინარჩუნებენ იქ თავიანთ სტატუსებს. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც ეს იქნება, ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფის შემდეგ და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი, რადგან ისინი არიან ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g