თანამედროვე ავტომობილებში დამონტაჟებული ელექტრონული ასისტენტები და რთული მულტიმედიური სისტემები მძღოლების უკმაყოფილების მიზეზად იქცა. ამის შესახებ ბრიტანული ავტო გამოცემა Auto Express-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევა Driver Power 2026 მიუთითებს, რომელმაც 50 პოპულარული ავტომობილის მფლობელთა შეფასებები შეისწავლა.
კვლევის მიხედვით, ავტომობილებით საერთო კმაყოფილების დონე 2024 წლის 89,58%-დან 2026 წელს 84,2%-მდე შემცირდა. შეფასებები გაუარესდა კვლევაში შეტანილ ყველა ათ კატეგორიაში, თუმცა ყველაზე დიდი უკმაყოფილება უსაფრთხოების ელექტრონულ სისტემებს უკავშირდება.
მძღოლების კმაყოფილება უსაფრთხოების დამხმარე ტექნოლოგიებით 90,36%-დან 82,56%-მდე დაეცა. ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება ზოლში მოძრაობის კონტროლის სისტემა, ასევე მძღოლის ყურადღების მონიტორინგის ფუნქცია, რომლებიც, მფლობელების თქმით, ზედმეტად აქტიურად ერევიან მართვის პროცესში.

გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ ავტომობილის დაქოქვისთანავე რეგულარულად თიშავს მსგავს სისტემებს, რადგან ცრუ გაფრთხილებები და გამაღიზიანებელი ხმოვანი სიგნალები აწუხებს. ამასთან, გამოკითხულთა 83,81% უარყოფითად აფასებს აქტიური უსაფრთხოების სისტემების სავალდებულო დანერგვას.
შემცირდა მულტიმედიური სისტემებით კმაყოფილებაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 87,8%-დან 81,4%-მდე დაეცა. მძღოლები აღნიშნავენ, რომ ელემენტარული ფუნქციების მოსაძებნად მრავალდონიან მენიუებში ნავიგაცია ყურადღებას უფანტავთ.
საინტერესოა, რომ მიუხედავად მსგავსი ტენდენციისა, Driver Power 2026-ის საერთო რეიტინგში პირველი ადგილი ელექტრომობილმა Tesla Model 3 დაიკავა. მოდელმა უსაფრთხოების სისტემების კატეგორიაშიც ლიდერობა მოიპოვა 89,7%-იანი შედეგით.

კვლევის ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ Tesla-ს საკუთრებაში არსებული დამხმარე სისტემები კონკურენტებთან შედარებით უფრო ეფექტიანად მუშაობს და ნაკლებად შემაწუხებელია მძღოლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის თითქმის ყველა ფუნქცია სენსორულ ეკრანზეა გადატანილი, მფლობელები მის გამოყენებას შედარებით კომფორტულად აფასებენ.
ექსპერტების შეფასებით, ავტომწარმოებლებს მომავალში მოუწევთ ბალანსის პოვნა უსაფრთხოების ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის კომფორტს შორის, რადგან ზედმეტად აქტიურმა ელექტრონულმა სისტემებმა შესაძლოა მძღოლების ნდობა და კმაყოფილება შეამციროს.