„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
დღეიდან მძღოლობის კანდიდატებისთის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება ქალაქში დაიწყო.
აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, იმედა მაკასარაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.
შეცდომები კი დაყოფილია მძიმედ და მსუბუქად.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფასდება უარყოფითად, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა:
„კანდიდატმა არ უნდა დააგროვოს 12 მსუბუქი შეცდომა იმისთვის, რომ არ ჩაიჭრას, ასევე პირველივე მძიმე შეცდომის დაშვების შემთხვევაში კანდიდატს შეუწყდება პრაქტიკული გამოცდა.
პირები, რომლებიც გამოცდაზე გამოდიან შეუძლიათ გაეცნონ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას, რომელშიც მოცემულია კლასიფიკაცია მძიმე და მსუბუქი შეცდომების.
მძიმე შეცდომებია ძირითადად ისეთი შეცდომები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
თუ კანდიდატი ისე ატარებს სატრანსპორტო საშუალებას, რომ არღვევს საგზაო წესებს, არ ემორჩილება საგზაო მონიშვნებს და გავლენას ახდენს სხვების უსაფრთხოებაზე.
ასეთი შეცდომები არის მძიმე ხასიათის და პირველივე მძიმე შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში კანდიდატს უწყდება გამოცდა,” – განაცხადა მაკასარაშვილმა.
როგორც იმედა მაკასარაშვილმა აღნიშნა ქალაქის პირობებში, იმ ელემენტების შესრულება, რომელიც დახურულ მოედანზე უნდა მოხდეს კანდიდატს არ მოუწევს.
„კანდიდატი ქალაქში მოძრაობას დადგენილი მარშრუტით, ის უნდა დაემორჩილოს ყველა იმ საგზაო ნიშანს და საგზაო წესებს, რომლებიც ხდება რეალურ მოძრაობაში.
უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება როგორც მძღოლმა და უნდა დაემორჩილოს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მოეთხოვება ნებისმიერ მძღოლს გზაზე გადაადგილებისათვის,“ – აღნიშნა მაკასარაშვილმა.
“ფორტუნას” კითხვაზე, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები რა მასშტაბით იქნება აღიარებული და რამდენად იქნება შესაძლებელი, ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობები ევროკავშირმა აღიაროს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განმარტა:
„ევროდირექტივები, იმ კუთხით რაც ეხება მართვის მოწმობის მისაღებ როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ გამოცდას, ჩვენ მიერ შესრულებულია.
გათვალისწინებულია ყველა ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც აღნიშნული დირექტივები ითვალისწინებდა.
ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯია იმ კუთხით გადადგმული, რომ ქართული მართვის მოწმობების შეცვლა უპრობლემოდ მოხდეს ევროპის ქვეყნებში და ქართველ მძღოლებს, რომლებიც უკვე ევროპულ ქვეყნებში აპირებენ სატრანსპორტო საშუალების მართვას, ჰქონდეთ საშუალება უპრობლემოდ გადაცვალონ ქართული მართვის მოწმობა.
ამ კუთხით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, გვაქვს მათთან დამყარებული ურთიერთობები, მიდის ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება.
თუმცა ერთ-ერთი წინაპირობა ამ მოლაპარაკებების იყო ის, რომ მართვის მოწმობის ასაღები გამოცდები ჩატარებულიყო იმ დირექტივების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირთან საქართველოს მიერ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება,” – აღნიშნა მაკასარაშვილმა.