LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-8 დღეა, 24 წლის გიგა დაუშვილს ეძებენ – „ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად, ჩემმა მეგობარმა დადო ვიდეო, სადაც ჩემი შვილია… გიგას ტელეფონი დიღომში იპოვეს“

527
გიგა დაუშვილი

24 წლის გიგა დაუშვილს, უკვე მე-8 დღეა ეძებენ. გიგა დაუშვილი სახლიდან 9 თებერვალს გავიდა, მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის კვალი იკარგება. გიგა დაუშვილის ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. არსებული ინფორმაციით, მისი ტე­ლე­ფო­ნი მაშ­ვე­ლებ­მა ბო­ლოს დიღ­მის ჭა­ლებ­ში იპო­ვეს.

შვილის შესახებ Ambebi.ge-სთან საუბრობს გიგა დაუშვილის დედა, ნათია დაუშვილი და შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს:

„არ ვიცი, რა ვთქვა, სად ვეძებო ჩემი გიგა. ჩემი დამძიმებული გულით მაინც ვხედავდი ყველაფერს, როგორ ეძებდნენ მაშველები ჩემს შვილს. ხალხო, ეს მაშველები ვინ ყოფილან, არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა. არავის ენახოს ეს უბედურება, როგორ სცოდნიათ გვერდში დადგომა. სადაც ტელეფონი იპოვეს, დიღომში, იქ ვერ ვიპოვეთ გიგა. ჩემს შვილს ჰქონდა ასეთი თვისება – როდესაც ტელეფონი დაუჯდებოდა, ერთი დღე კი არა, 1-2 საათში სხვისი ნომრიდან დამირეკავდა, მეტყოდა, დე, მე ვარ, ტელეფონი დამიჯდა და არ ინერვიულოო. ვიცი ჩემი შვილის ხასიათი ისე, როგორც არავინ. ჩემი შვილი ცოცხალი რომ იყოს, ხმას მომაწვდენდა, არსად ჩანს და დღეს უბრალოდ პოლიციასთან მაქვს კითხვები. იქამდე თუ მივაღწიე, უნდა მივიდე, კამერების ჩანაწერებზე სასამართლოს განჩინებას ელოდებიან, უბრალოდ, დრო იწელება და ამას ძალიან განვიცდი.

გიგა ბოლოს როცა ვნახე, მშვენიერ ხასიათზე იყო. იმ დღეს ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად, ჩემმა მეგობარმა ლელა ზურებიანმა დადო ვიდეო, სადაც ჩემი შვილია. დავურეკე და მითხრა, დედა, ლამპრობაზე ვარ და იცოდე, მაგრად დავლიეო. ვუთხარი, ახლა ამოდი, დედა, ყავას დაგალევინებ და მერე გააგრძელე, როცა გამოფხიზლდები, არ გინდა, მეტი არ დაამატო-თქო. დამთანხმდა, კი, დე, მალე ამოვალო, მშვიდად მითხრა. არანაირი შელაპარაკება არ გვქონია, ჩვენ სხვა დედაშვილობა გვქონდა. არც სახლში ამოსულა და ამის მერე ჩემი შვილის ხმაც აღარ გამიგონია.

ასე ვეძებთ ყველანი, იქ არც ჩხუბი ყოფილა, არც არაფერი. მას მერე ყველანი ვეძებთ. დიღომში, სადაც ტელეფონი იპოვეს, მაშველები 5 დღის განმავლობაში თავგამოდებით ეძებდნენ გიგას. მტკვართან ახლოსაა ჩვენი კორპუსი, მტკვარს გადავყურებთ, დევნილების კომპლექსია, ჩვენც დევნილები ვართ. არ იყო ჩემი შვილი უპასუხისმგებლო, მე რომ ასე დავეტოვებინე, ვინმეს ტელეფონიდან მაინც მომაწვდენდა ხმას. ყველაზე მეტად მე ეს მეწვის და ამას ვგრძნობ. ცოცხალსა და მკვდარსაც ვერ ვპოულობთ და ესაა საშინელება. არც ერთ დედას არ ენახოს შვილის გასაჭირი“, – ამბობს ნათია დაუშვილი Ambebi.ge-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g