იტალიური კინოს ლეგენდის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ.
მოგეხსენებათ, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 26 ივლისს თბილისში, ქართული ტრადიციების სრული დაცვით გადაიხადა.
ვიდრე კარლო პონტი ჯვარს ქართველ ქალზე – მარიამ შარმანაშვილზე დაიწერდა, მართლმადიდებლად მოინათლა.
ნათლობა აპრილში მცხეთის სამთავროს მონასტერში შედგა. იტალიელ დირიჟორს, საქართველოში ნათლობის დროს, გაბრიელი დაერქვა.
როგორც მარიამი „ზმნასთან“ გაკეთებულ კომენტარში ამბობს, ამ სახელის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა.
„ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი და მწამს მისი. კარლო, ბუნებრივია, პატივს სცემს ჩემს რწმენას. რაც შეეხება მისი მხრიდან რელიგიის შეცვლას, გეტყვით:
მე არ მიყვარს რეალობის შელამაზება და გარომანტიზირება. რაც იყო, ის უნდა ითქვას. კარლომ რელიგიის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ქართულ ტაძარში, სხვანაირად, ჯვარს ვერ დაიწერდა. ამიტომ ჯერ უნდა მონათლულიყო. და გაზაფხულზე მოინათლა კიდეც.
გეტყვით იმასაც, თუ რატომ შეირჩა სახელი გაბრიელი.
მამა გაბრიელმა, ვინც მონათლა და შემდეგ ვინც ჩვენ ჯვარი დაგვწერა, კარლოს – სახელის შერჩევა სთხოვა. ვინაიდან ჩვენი ქორწინების თარიღი, რომელიც აბსოლუტურად შემთხვევით გვქონდა არჩეული – 26 ივლისი – მთავარ ანგელოზ გაბრიელის ხსენების დღე აღმოჩნდა და ამას ემატებოდა ჩემი ძალიან დიდი სიყვარული მამა გაბრიელის და სამთავროს მონასტრის მიმართ, კარლომაც თქვა – მოდი, გაბრიელს დავირქმევო“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.
ვრცლად იხილეთ ინტერვიუ.
