LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ისლანდიელი ფეხბურთელი ვარ: აი თურმე რატომ იგებს ისლანდია

9

დავიბადე თუ არა მამაჩემის ძე მიწოდეს (გვარი აქ არავის გვაქვს და კომენტატორები გვარიანად გვაგინებენ ხოლმე ალბათ), ხუთი წლის ასაკში დარწმუნებული ვიყავი რომ მეთევზე ვიქნებოდი, შვიდი წლის ასაკში ჰაკარლის (ზვიგენის გამომშრალი ხორცის) გემომ ისე დამახვია თავბრუ, ელფებთან შეთანხმების შემდეგ მზარეულობა გადავწყვიტე. მერე დედაქალაქში წამიყვანეს და დიდი მწვანე მოედანი ვნახე,სადაც ცხვრებს კი არა, ბურთით ბავშვებს მწყემსდნენ. მამაჩემი დიდი პირქუში ვინმე იყო, თუმცა მაინც დავითანხმე მეც მეთამაშა, ხელწერილი დავდე რომ სათევზაოდაც გავყვებოდი და ვოკალის გაკვეთილებზეც ვივლიდი. ჩემი თანაგუნდელი ბიჭებიც ასე იყვნენ, ზოგიერთი ხატვას სწავლობდა, ზოგი მუსიკას, ვიღაც ექიმობას აპირებდა, ვიღაც იურისტობას. აღმოჩნდა, რომ ფეხს არც თუ უხეიროდ ვიქნევდი და ჯერ ადგილობრივ გუნდში, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამხელა კაცები ისევ ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობდით და ტაქტიკას თევზისა და ზღვის სუნიან ლუდხანაში განვიხილავდით. მერე რა, ჩვენ ხომ ისლანდიელი ფეხბურთელები ვართ.

ჰო, მე ისლანდიელი ფეხბურთელი ვარ, ერთ-ერთი იმ 22-დან ბოლო დღეებია ყველა რომ ლაპარაკობს. მე ვარ შვილი, რომელმაც დედის სიტყვების მიუხედავად, არ დაიჯერა რომ მისგან ”მომავალი ბიორკი” დადგებოდა და ვოკალის გაკვეთილის ნაცვლად სავარჯიშოდ იპარებოდა. მე ვარ ის სენსაცია ”მფრინავი ჰოლანდიელები” რომ ზაფხულის გასატარებლად წითელი ფარნების კვარტალში ”ქორფა ტიტების” დასაკრეფად გაუშვა. რა მნიშვნელობა აქვს, შენ ფეხბურთის მთავარი იდეოლოგი ხარ თუ მაგალითად, შორეულ 70-იანებში ”ლივერპულს” ამარცხებდი, თამაში ყველამ ვისწავლეთ. მე ვარ მეთევზე 330 ათასიანი ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობის 20 პროცენტი საფრანგეთშია იმიტომ რომ უბრალოდ სჯერა, დანარჩენი კი გუდმუნდურ ბენედიქტსონის არაადამიანურ და ყველაზე გულწრფელ სატელევიზიო ჩხავილზე ცრემლად იღვრება.

მე ვარ მეცხვარე ისლანდიიდან, ქვეყნიდან, რომელზეც თქვეს რომ იქ მეტი ვულკანია,ვიდრე ფეხბურთელი. მართლაც, რა ჩვენი ბრალია, თუ ერთი უბრალოდ გუნდი ვართ, ფეხბურთი ჩვენ არ გამოგვიგონებია და 1966 წლის შემდეგ დაკარგულ, ”ბახრამოვის სასტვენის ჯადოსნურ გასაღებს” არ ვეძებთ. მერე რა, თუ ყველა ”ჩელსის” ან ”ბარსელონას” მაისურს ვერ მოვირგებთ ჩვენი ეროვნული გმირის, ეიდურ გუნდიონსენის მსგავსად, მთავარია რომ მას,თვალცრემლიანს შევპირდით ბრაზილიაში თუ არა, საფრანგეთში მაინც ვითამაშებთო.

და ვთამაშობთ სურვილით, ემოციებითა და ჟინით.განა ჩვენ არ მოგვწონს ძვირადღირებული მანქანები, მოდის ჟურნალების გარეკანები, საუკეთესო მოდელები და პოლიტიკური თანამდებობები, მაგრამ როცა ტრიბუნებიდან ”შტრაკარნირ ოკკარ” (ჩვენი ბიჭები) გვესმის, მხოლოდ მშობლიური ვულკანების ენერგეტიკას ვგრძნობთ. მე ვარ ვიკინგი, ოდინის და ფრეიას ერთ-ერთი შთამომავალი, რომელსაც სჯერა, რომ ამის შემდეგ ის და მისი თანაგუნდელები აუცილებლად ვალჰალაში მოხვდებიან. დიახ, მე ისლანდიელი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მივიდა, ნახა და გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები