LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მელიას გათავისუფლების იმედი მქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გეგმები აქვს ხელისუფლებას და ალბათ შესავაჭრებელად წავიდა კობახიძე ამერიკაში” – გიგი წერეთელი

82
George-Tsereteli-(Georgia)-at-OSCE-PA-Autumn-Mtg,-Geneva,-5-October-2014

დღეს, 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მან არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების საკითხთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა “ფორტუნას”ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

გიგი წერეთლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმე არის პოლიტიკური და სასამართლო როგორ ინსტრუქციებსაც მიიღებდა იმას აღასრულებდა.

„ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომ მელიას არ დაეტოვებინა საპატიმრო მითუმეტეს ამ ვითარებაში რაც ქვეყანაშია.

მე გათავისუფლების იმედი მქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა გეგმები აქვს.

რა არის მისი გეგმა გაუგებარია, დროის მოგება, უბრალოდ ციხის ტყვედ დატოვება, პოლიტიკურ საკითხებზე ვაჭრობა საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ რეალურად ჩათვალეს, რომ არავითარი მოლაპარაკება არ არის საჭირო და თვლიან, რომ მოახერხებენ რამდენიმე პარტიის გადაბირებას პარლამენტში შესასვლელად.

მელია უფრო დამნაშავეა, ვიდრე ის ხალხი, ვინც დააშავა ამ ხელისუფლების პირობებში და არ დაიჭირეს?

მათ მუდმივად ხომ არ ეყოლებათ მელია საპატიმროში? გათავისუფლება უნდა მოხდეს, მაგრამ ამ მომენტში ალბათ რაღაც საკითხები ჰქონდათ კიდევ შესავაჭრებელი, ამიტომ წავიდა კობახიძე ამერიკაში, შემდეგ როგორც ვიცი ბრიუსელში მიდის. ჩანს, რომ კიდევ სჭირდებათ შეთანხმება ჩვენს დასავლელ მოკავშრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რაიმეს დათმობენ სხვა გარანტიები სჭირდებათ.“-განაცხადა გიგი წერეთელმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

ამასთან, გიგი წერეთელმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე ცვლილებებზე.

როგორც მან აღნიშნა, პარტია ხელახალი სტარტისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პარტია არაერთმა ლიდერმა დატოვა.

პარტია გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს.

„პარტიაში არის ასეთი პროცესი და საზოგადოება ამას ხედავს. ზოგმა ადრე გააკეთა განცხადება, ზოგმა არჩევნების შემდეგ პასუხისმგებლობა გაიზიარა, რომ არ იყო ისეთი შედეგი, როგორსაც ველოდით, ეს კი მათი პასუხისმგებლობაც იყო და დისტანცირება მოახდინეს და ახლა საერთოდ პარტიაში აღარ არიან.

რამდენიმე ადამიანმა ასევე მოახდინა დისტანცირება, ყველამ არა ზოგი დარჩა პარტიაში, მაგრამ აქტიურად არ იღებს პროცესებში მონაწილეობას.

ახლა მიმდინარეობს პარტიის ხელახალი სტარტი, აი ამ არჩევნების შემდგომ უნდა გაკეთდეს ანალიზი რა შეცდომები იყო, რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება ახალი ხალხი, ახალი ელექტორალი მოვიზიდოთ და ის შეცდომები რაც იყო არ უნდა გავიმეოროთ.

ჩემთვის მთავარი იდეა, რატომაც ვარ მე ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ გუნდში არის ის, რომ დასავლეთზე ორიენტირებული პარტიები, უნდა იყვნენ გაცილებით აქტიურები, ფუნქციონირებადი და მეტი ხმა უნდა ჰქონდეთ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვართ ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში. თუ პროდასავლური პარტიები დასუსტდებიან, ბუნებრივია მაშინ, პრორუსული პარტიები იქნებიან უფრო მეტად წარმოდგენილები.“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g