LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე პატარა კაცი ვარ, ოღონდ დიდი გულით”… „ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს – ეს იყო ჩვენი ბოლო მიმოწერა“: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

121
Untitled design (2)

უკრაინაში მიმდინარე თითქმის 8-თვიანმა ომმა უკვე 20 ქართველი მებრძოლი იმსხვერპლა.

მეოცე ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ინფორმაცია ცნობილია და საელჩო ამ დროისთვის დეტალებს აზუსტებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა.

მის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ბერდია კალანდია და მასთან ბოლო მიმოწერას იხსენებს:

„ძალიან მიჭირს, მიმძიმს“… „მე პატარა კაცი ვარ ჯიმა, ოღონდ დიდი გულით. ჩემზე ჯერ არ დაწერო დედა ინერვიულებს“, – ეს იყო ბოლო ჩვენი მიმოწერა. მშვიდობით ძმაო.

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი..

ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელია“, – წერს კალანდია.

შეგახსენებთ, ედიშერ კვარაცხელია დღეს, გამთენიისას დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის „КИЇВСЬКА РУСЬ“-ის წევრი იყო.

კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

ის ასევე იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.