მეცნიერები აკვირდებიან ფეხბურთის მოედნის ზომის ასტეროიდს, რომელიც დედამიწისკენ მოემართება. News.Sky-ის ინფორმაციით, ასტეროიდი სახელად „2024 YR4” შესაძლოა ჩვენს პლანეტას დაეჯახოს.
როგორც ევროპული კოსმოსური სააგენტო ამტკიცებს, ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ უახლოვდება და წინასწარი გამოთვლებით ამჯერად 7 წელი დასჭირდება.
უფრო ზუსტად კი ასტეროიდს დედამიწის ორბიტის გადმოკვეთა 2032 წლის 22 დეკემბერს შეუძლია და თუკი ეს ნამდვილად მოხდება, კონკრეტული რეგიონი სერიოზულად დაზიანდება. თუმცა, შეჯახების ალბათობა მხოლოდ 83-დან ერთია და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ციური სხეული უბრალოდ გვერდით ჩაგვივლის.
ასტეროიდზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში გრძელდება და თუკი შეჯახების რისკი რეალური გახდება, სპეციალისტები პრობლემის მოგვარებას კოსმოსური აპარატების დახმარებით შეეცდებიან.