მეცნიერებმა შეიმუშავეს არაინვაზიური ტექნიკა, რომელიც ჰიპერტენზიას პროგნოზირებს და ამისთვის მხოლოდ ადამიანის ხმას იყენებს.
Klick Labs-ის მკვლევრების მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდი ჰიპერტენზიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უზრუნველყოფს – ამას კი ვოკალური ბიომარკერების გამოყენებით ხელოვნური ინტელექტი ახერხებს.
კვლევაში 245 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის ავტორების თქმით, აპლიკაციის ალგორითმები იკვლევს ვოკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ხმის ტემპის სიძლიერე, მეტყველების სიხშირე და ხმის სხვა ცვლილებები. ამ მონაცემების ანალიზით კი სისტემა ჰიპერტენზიის ნიშნებს ადგენს.
ქალების შემთხვევაში სისტემამ 84%-იანი სიზუსტე აჩვენა, ხოლო კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 77% იყო.
„სხვადასხვა ფაქტორების გამოყენებით და გენდერზე დაფუძნებული პროგნოზირებადი მოდელების ჩამოყალიბებით, ჩვენ ჰიპერტენზიის გამოვლენის ძალიან მარტივ და ზუსტ მეთოდს მივაგენით. ეს ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის იდეალური საშუალებაა“ — განაცხადა იან ფოსატმა, Klick Labs-ის ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევის ხელმძღვანელმა.
მეცნიერების თქმით, ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გარდაქმნას ჯანდაცვა, რაც შესაბამის ანალიზის ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
კვლევა ჟურნალ IEEE Access-ში გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, ჰიპერტენზია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხშირად „ჩუმ მკვლელად“ მოიხსენიებს, დედამიწის მოსახლეობის 25 პროცენტზე მეტს აწუხებს.