ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლევრებმა პარალიზებული პაციენტის ტვინის სიგნალების კომპიუტერულ ტექსტად გარდაქმნის სისტემა შექმნეს, რაც მას გარშემომყოფებთან დამოუკიდებლად კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
პროექტი განხორციელდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, დეივისში (University of California, Davis), სადაც მეცნიერებმა 45 წლის პაციენტის ტვინში, რომელიც გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით არის დაავადებული, 256 ელექტროდი ჩანერგეს.

მოწყობილობა ტვინის ნეირონულ სიგნალებს რეალურ დროში გარდაქმნის ტექსტად და სინთეზურ მეტყველებად, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, წერილობითი და ხმოვანი კომუნიკაცია დამოუკიდებლად აწარმოოს.
კვლევის მიხედვით, პაციენტი სისტემის გამოყენებას 280 დღის განმავლობაში ეუფლებოდა, რის შემდეგაც მან მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. მას ასევე შეეძლო კურსორის მართვა და სხვადასხვა საბაზისო კომპიუტერული ფუნქციის შესრულება, მათ შორის ინტერნეტთან წვდომა.

პაციენტი სისტემას ხანგრძლივად, დღეში საშუალოდ 9,5 საათის განმავლობაში იყენებდა და ამ დროის განმავლობაში მან 183 ათასზე მეტი წინადადება წარმოთქვა – რაც დაახლოებით 2 მილიონ სიტყვას შეესაბამება. მკვლევრების მონაცემებით, სისტემა წუთში საშუალოდ 56 სიტყვას წარმოქმნიდა, ხოლო ფრაზების სიზუსტე დაახლოებით 92%-ს აღწევდა.
მეცნიერების შეფასებით, ეს შედეგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება ტვინი–კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ტექნოლოგიების განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე ნევროლოგიური დარღვევების გამო მეტყველება არ შეუძლიათ.
ექსპერტების თქმით, ასეთი სისტემები მომავალში შესაძლოა კლინიკურ პრაქტიკაში უფრო ფართოდ დაინერგოს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მძიმე პარალიზებული პაციენტების კომუნიკაციის შესაძლებლობები.