ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მისცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარებას კლინტონების უპატივცემულობაში დადანაშაულების მიზნით, რამაც, შესაძლოა, სისხლის სამართლის ბრალდებები გამოიწვიოს.
შეკითხვაზე – გააუქმებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა კლინტონების წინააღმდეგ დაგეგმილ კენჭისყრას, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მედიასაშუალებას განუცხადა: „ისინი ახლა ამაზე მუშაობენ, ადვოკატები დეტალებს იკვლევენ“.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო კლინტონების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაატარონ. კლინტონებმა პანელს თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა პირადად გამოცხადებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ გამოძიება პარტიული ქმედება იყო, რომელიც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაცვას ისახავდა მიზნად.
ბილ კლინტონმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 2 000-იანი წლების დასაწყისში ეპშტეინის თვითმფრინავით რამდენჯერმე იმგზავრა. მან სინანული გამოთქვა ამ ურთიერთობის გამო და განაცხადა, რომ ეპშტეინის კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.
შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.
