LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

75
5-6 ივლისი

მედიაკოალიცია 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტი

  • საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობა

  • საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას;
  • მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე და უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა და შემსრულებელ პირთა გამოვლენა;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • 5 ივლისის მასშტაბური ძალადობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებისათვის შექმნას სპეციალური ინსტრუქცია მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე. პროკურატურამ უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებთან დაკავშირებით;
  • ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოძიება, და შეისწავლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

„მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g