LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში – ComCom, UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

100
კომუნიკაციების კომისია - მედიაწიგნიერება

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სკოლებში განხორციელდება მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.

„მედიაწიგნიერება არის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კრიტიკულ მოაზროვნეებად, ეფექტურ კომუნიკატორებად და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში – ღასან ხალილმა.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში დანერგვა ახალგაზრდებს დაეხმარება, უკეთ მოემზადონ სხვადასხვა მედიით მიღებულ უამრავ ინფორმაციაში ნავიგაციისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ითანამშრომლოს კომუნიკაციების კომისიასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს ამ გზაზე“, – დასძინა მან.

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეპოქაში ასეთი პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“კომუნიკაციების კომისია მეხუთე წელია აქტიურად ზრუნავს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – 21-ე საუკუნის, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძალიან საჭირო და ეფექტიანი პროექტი განვახორციელოთ.

რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით განხორციელდება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების მიმართულებით მთელი რიგი სასწავლო აქტივობებია დაგეგმილი.

„თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელიც გაჯერებულია უაღრესად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მედიაპროდუქტებით, მედიაწიგნიერება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, გულისხმობს მოსწავლეთა მედიაგანათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის.

მედიაწიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია მოსწავლის სოციალური, ემოციური თუ კოგნიტური განვითარება და ისეთი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამომუშავება, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, მოქალაქეობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ფორმალური განათლების სივრცეში დანერგილია მთელი რიგი სასწავლო აქტივობებისა, რომლებიც ხელს უწყობს მედიაგანათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კომპლექსურ და მრავალსახოვან მედიასივრცეში თამამად ორიენტირების უნარი.

პარტნიორობა კომუნიკაციების კომისიასთან კიდევ უფრო გააძლიერებს და მდგრადს გახდის მედიაწიგნიერების კომპეტენციების დანერგვის მხარდაჭერას სწავლა-სწავლების პროცესში“,- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

mazda magti 5g