“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან – ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდეს და სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა აღარ გახდეს საჭირო:
“ჩვენ სიტუაცია შევაფასეთ ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. რადგან სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, ჩვენ გვინდა რომ ეს შენარჩუნდეს და აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა. იმისთვის, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდეს, ვამატებთ პირბადეების თემას.
ამჯერად, მშობლებმა ბავშვებს უნდა გამოატანონ პირბადეები.
დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, გამოქვეყნდება და დაურიგდება სკოლებს. სკოლებს კი ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან.” – განაცხადა ჩხენკელმა.
განათლების მინისტრმა ისაუბრა დადებით დინამიკაზე, რომელიც ქვეყანაში უკვე არის. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდეს.
მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში მშვიდობიანად მიმდინარეობს და ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში უსაფრთხო გარემო დაახვედროს მოსწავლეებს:
“ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, სველი წერტილების საკითხები. სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, იმისათვის, რომ სკოლა არის და იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.