“ნიკა მელიამ თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო, ციხეს რომ უკანა კარი ჰქონდეს, დიდი ალბათობით, იქიდან გაიპარებოდა, რადგან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარი ამბობს, რომ ევროკავშირი გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს არ უხდის და პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი ქართულ მართლმსაჯულებას პატივს სცემს:
“პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში.
ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს, შემდგომ იძახდა, რომ არ მიიღებდა გირაოს, მაგრამ უწევს ამაზეც დათანხმება და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ასევე დათანხმდება ამნისტიის კანონსაც. შესაბამისად, მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ნიკა მელია გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა.” – თქვა ამილახვარმა.
როგორც ამნიტიის კანონპროექტზე საუბრის დროს, ამილახვარმა აღნიშნა, უმრავლესობა ძალისხმევას არ დააკლებს, რომ ხედვები, რომელსაც მიშელის დოკუმენტი ასახავს, თანხვედრაში მოიყვანონ ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ვერსიასთანაც.
მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდა, “ქართულ ოცნებას” აღებული აქვს პასუხისმგებლობა, სწორედ იმ პრინციპების დაცვით მიიღოს ამნისტიის პროექტი, როგორც შეთანხმების დოკუმენტშია.
