“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას ადვოკატები ითხოვდნენ, რომ “რუსთავი 2”-სთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიცემული ინტერვიუ საქმეზე მტიცებულების სახით დაერთოთ, ასევე როგორც კობახიძე, ისე ივანე გულაშვილიც დაეკითხათ.
პროცესის მიმდინარეობის დროს თავად ნიკა მელიამ მოსამართლსე მიმართა და კითხვა დაუსვა, კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროს და არ დაკითხოს, ეს ხომ მის რეპუტაციას შელახავს:
“ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად მელიაც.
დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.