რუსმა სამხედროებმა 11 მარტს, მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს. 33 წლის ივანს ოკუპანტებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის არ დათანხმდა, შემდეგ კი, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და გაიტაცეს.
რამდენიმე დღის წინ ივან ფიოდოროვი წერდა, რომ არსებულ სიტუაციაში ადამიანებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, რითიც სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს დაეხმარებიან.
“დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავეხმაროთ სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს თავიანთი საქმის კარგად შესრულებაში, ახლა მთავარია ერთიანობა, ხელისუფლების ყველა შტოსა და მოქალაქეების თანამშრომლობა“, – წერდა ის “ინსტაგრამზე ორი კვირის წინ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტით, ივან ფიოდოროვი მადლობას უხდის ყველა მეწარმეს, ბიზნესმენს, რომელმაც რთულ დროს თავისი წვლილი შეიტანა ადამიანების საკვებით, თუ სხვა პირველადი ნივთებით მომარაგების კუთხით.
“ვამაყობ ბიზნესის წარმომადგენლებით, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოქალაქეებს, ერთად დავძლიოთ ყველაფერი”, – ეს მელიტოპოლის მერის მიერ გატაცებამდე გამოქვეყნებული ბოლო სიტყვებია.