LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG-მ ახალი სპორტული სედანი დააანონსა

108
orig

Mercedes-AMG-მა სოციალურ ქსელებში თავისი ახალი მოდელის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით, საუბარია ახალი თაობის Mercedes-Benz CLA-ს სპორტულ AMG-ვერსიაზე, თუმცა კომპანია ჯერ არ აკონკრეტებს, რა ტიპის ძრავით იქნება ავტომობილი აღჭურვილი.

მოდელის სრული პრემიერა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, მისი დებიუტი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართება.

ტიზერზე ჩანს ახალი დიზაინის ბორბლები დაბალ პროფილიანი საბურავებით, ძარაზე მუქი დეკორატიული ელემენტებით. ასევე მოსალოდნელია, რომ ავტომობილი გაუმჯობესებულ აეროდინამიკურ პაკეტს და სპორტული სტილის ინტერიერს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-AMG-მ შესაძლოა პირველად წარადგინოს ელექტრული CLA-ს AMG ვერსია.

ადრე გავრცელებული ცნობებით, მოდელი აღიჭურვება სამი ელექტროძრავით, რომლებიც Mercedes-Benz-ის ბრიტანულ შვილობილ კომპანიას, Yasa-ს ეკუთვნის. მათი ერთობლივი სიმძლავრე, სავარაუდოდ, 500 ცხენის ძალას გადააჭარბებს.

ამჟამად ყველაზე ძლიერი ელექტრული CLA არის CLA 350 4Matic, რომელიც ორი ელექტროძრავით 354 ცხენის ძალას ავითარებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 5 წამში ასრულებს.