Mercedes-ის შეფ-დიზაინერმა ახალი Audi Concept-ის ინტერიერი მოძველებულად შეაფასა. Audi-მ მიუნხენის ავტო სალონისთვის მოამზადა უჩვეულო შოუ-ქარი Concept C – როდსტერი მყარი დაკეცილი სახურავით და ელექტრო-საბარგული დანადგარით. Audi-ში მინიმალიზმს მიანიჭეს უპირატესობა. თუმცა, გადაჭარბებულად ლაკონიური ინტერიერის გაფორმება და პატარა დისპლეი Mercedes-Benz-ის დიზაინის ხელმძღვანელს, გორდენ ვაგენერს, არ მოეწონა. მისი აზრით, სალონი „ისე გამოიყურება, თითქოს 1995 წელს იყოს შექმნილი“.
ვაგენერმა აღნიშნა, რომ თანამედროვე კონცეპტისთვის Concept C-ში ძალიან ცოტა ტექნოლოგიაა. დაამატა, რომ თვითონაც მოსწონს მინიმალიზმი, მაგრამ პატარა ეკრანი – არასწორი გადაწყვეტილებაა ახალი ავტომობილებისთვის.
ამჟამად, ვაგენერის თქმით, დიზაინერებმა იდეალური ბალანსი იპოვეს: ხმოვანი ასისტენტები უფრო ჭკვიანები ხდებიან და სულ უფრო მეტს აკეთებენ, მაგრამ დასადასტურებლად და ვიზუალური მინიშნებებისთვის ეკრანები მაინც რჩება და ის დიდი უნდა იყოს.
ვაგენერმა ასევე ისაუბრა BMW Neue Klasse-ს ოჯახის პირველ წარმომადგენელზე – ელექტრო iX3-ზე. გადაწყვეტილება ეკრანთან დაკავშირებით, რომელიც წინა მინის ქვეშაა გაწელილი, მასაც არ მიაჩნია წარმატებულად. ინფორმაცია ძალიან შორს არის განთავსებული და წვრილად ჩანს, რაც მძღოლს ყურადღებას გაუფანტავს. ასეთი ეკრანის ხელით მართვაც შეუძლებელია – ისევ იმიტომ, რომ ძალიან შორსაა. ამიტომ BMW-მ კიდევ ერთი ტაჩსქრინი დაამატა. შედეგად „ინფორმაცია სხვადასხვა დონეზეა ნაჩვენები და მე არ ვფიქრობ, რომ ეს ინტუიციურად გასაგებია,“ – დაასკვნა დიზაინერმა.
რაც შეეხება თვით Mercedes-Benz-ს, ეკრანებზე მან არ დაიშურა: მიუნხენში წარმოდგენილმა ელექტრო GLC-მ მიიღო რეკორდული 39,1-დიუმიანი MBUX Hyperscreen.



