გერმანული ავტომწარმოებელი Audi 2026 წლის დასაწყისში ამერიკულ ბაზარზე სერიოზულ გამოწვევებს შეეჯახა. პირველი კვარტალის შედეგებით, კომპანიის გაყიდვები 30%-ით შემცირდა და 29 886 ავტომობილი შეადგინა.
კომპანიაში კრიზისს გაზრდილი საბაჟო გადასახადებითა და ბაზრის საერთო შემცირებით ხსნიან, თუმცა მსგავსი ტენდენცია კონკურენტებთან არ ფიქსირდება.
გაყიდვები თითქმის ყველა მოდელზე შემცირდა: ყველაზე პოპულარული კროსოვერი Q5 26%-ით დაეცა, Q3 – 20%-ით, ხოლო Q7 და Q8 შესაბამისად 30% და 25%-ით. მცირე ზრდა დაფიქსირდა A3, A5 და A6 მოდელებზე (1-9%), თუმცა A7 და A8-ზე მკვეთრი კლება – 72% და 43%.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ელექტრომობილების მიმართულებით: e-tron GT-ის გაყიდვები 75%-ით შემცირდა, ხოლო Q4 e-tron და Q6 e-tron მოდელებზე ვარდნა 90-93%-ს აღწევს.
ამ ფონზე, კონკურენტები შედარებით სტაბილურად გამოიყურებიან. BMW-მ გაყიდვები მხოლოდ 3,9%-ით შეამცირა (84 231 ავტომობილი), Mercedes-Benz-მა – 3%-ით (70 000 ავტომობილი), ხოლო Lexus-მა – 2,5%-ით (80 952 ერთეული).
Audi იმედოვნებს, რომ მდგომარეობას ახალი მოდელები გააუმჯობესებს – მათ შორის უკვე წარმოდგენილი ახალი თაობის Q3, ასევე მომავალი Q7 და ფლაგმანური Q9, რომლებიც ბაზარზე უახლოეს პერიოდში უნდა გამოჩნდეს.