LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში, გამარჯვება პირველივე ტურში, “ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს

136
archevnebimarneuli

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

კერძოდ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა – 107 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი – 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი – 107 – სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.

მარნეულის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 28088 ხმა. მეორე ადგილზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევია 11,49%-ით. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 12 876 ხმა. მეორე ადგილს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% – ით იკავებს.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მოიპოვეს, ხმები ასე განაწილდა: „თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია 5,81%; საინიციატივო ჯგუფი – ვახტანგი რობაქიძე 5,07%; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე 2,64%.

ზეტაფონის ოლქში სულ გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.

ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს. რაოდენობრივად ეს არის 11 721 ხმა.

ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26%.

ჭიათურაში სულ 58 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 პროცენტი, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.

ხულოში სულ 54 უბანი იყო გახსნილი.

მერის რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g