„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) დაფინანსებით, „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მილიონი აშშ დოლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე – „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, მისაწვდომობის გაზრდას, დამატებით ამოსასვლელების მოწყობას „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურების ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელი“. ამასთან, შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა შშმ პირებისთვის.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ პრობლემის, რაც დილის საათებში გვაქვს, როდესაც „ახმეტელის“ მეტროსადგურის ჩასასვლელი ვერ ატარებს ბევრ ადამიანს, სრული გადაჭრის გზა არის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი, რომელზეც ვისაუბრე – ახალი ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება. მოკლევადიანი პროექტი არის ტურნიკეტების რაოდენობის დამატება, რაც მოგვცემს საშუალებას, 30 პროცენტით მეტი ადამიანის გატარება მოვახერხოთ. რა თქმა უნდა, ორივე პროექტი იქნება განხორციელებული. მოკლევადიან პროექტს რამდენიმე თვეში, დაჩქარებული წესით განვახორციელებთ, ხოლო გრძელვადიან პროექტს რაც შეეხება, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია „აზიის განვითარების ბანკთან“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ამჟამად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება.
„საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომელთაც უკვე მიიღეს მონაწილეობა, გამოხატეს ინტერესი. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა გახლავთ 10 თვე, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“. პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომელიც მოიცავს მეტროსადგურების განახლების პროექტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაში, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ პირნათლად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მოგვეცემა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.