თბილისში, მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადი გაიზრდება, შესაბამისად საჭიროა ახალი ვაგონების დამატება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა, შემადგენლობას დაემატა ახალი ვაგონები, გადამზადნენ მემანქანეები, შედეგად კი, შესაძლებელი გახდა, რომ მგზავრთა მოცდის დრო 15 სექტემბრიდან, 3 წუთამდე შემცირდეს, რომელიც აქამდე ოთხ-ხუთ წუთს შეადგენდა.