დღეს, მიტევების კვირას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა, რომ განკითხვა სიყვარულის ნაკლებობას ნიშნავს და ხელს უშლის ქრისტიანული ცხოვრების სწორ გზაზე დადგომას.
მისი თქმით, ვისაც სურს სულის ცხონება, უნდა აირჩიოს არგანკითხვის გზა, რაც ნიშნავს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიქრებითაც კი არ განიკითხოს მოყვასი.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
მიტევების კვირა იმიტომ ეწოდება, რომ დღეს წმინდა სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს სწავლება მიტევების შესახებ. ასევე, ტრადიციისამებრ, სრულდება შენდობის წესი. „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეცათა თქვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ“ (მთ. 6, 14-15). აი, ასეთი სიტყვები მოისმინეთ დღეს თქვენ წმინდა სახარებიდან.
იმავე ქადაგებაში, იქვე, უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“ (მთ. 7, 1-2) აი, ამ სიტყვებით მიგვითითებს ჩვენს გზას ღვთის სასუფევლისკენ, სულის ცხონებისკენ. ეს გზა კი მხოლოდ ერთია – გზა სიყვარულისა, რომელიც იწყება არგანკითხვით!
ჩვენ ისე მივეჩვიეთ ამ განკითხვას, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე განვიკითხავთ ერთმანეთს დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის, ხოლო განუკითხველობა სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ფიქრითაც კი არ განვიკითხავთ ადამიანს. სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სიყვარული. მაშასადამე, არ არის სულის გადარჩენაც და ქრისტიანული ცხოვრებაც.
დავფიქრდეთ, გვაქვს ასეთი სიყვარული და განუკითხველობა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ როგორ მოვიქცე, თუ არ მაქვს ასეთი სიყვარული, რომ არავინ განვიკითხო? რა გავაკეთო? ამაზე ყველა წმინდა მამა ერთნაირად სცემს პასუხს, რომ სხვათა განკითხვის მუდმივ ჩვევას უნდა დავუპირისპიროთ თვითგანკითხვა, ანუ ჩვენივე თავის განკითხვა. მაგალითად, შესცოდა მოყვასმა, დაეცა ცოდვით და შენ მოგდის აზრი, რომ ის განიკითხო. ამის ნაცვლად, უნდა ეცადო, შენი თავი განიკითხო და თქვა, იფიქრო, განიცადო, აღიარო შენს თავთან, რომ დღეს ეს ჩემი ძმა დაეცა ცოდვით, ხვალ კი შეიძლება მე დავეცე; შეიძლება უარესადაც კი დავეცე. ის შეიძლება ინანიებს ან უკვე მოინანია, მე კი სათანადოდ არ ვინანიებ.
მაშასადამე, არგანკითხვა დაკავშირებულია ასევე სინანულთან. სინანულიც ამით იწყება. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია და ღვაწლს მოითხოვს, მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უნდა ვიაროთ სწორედ ძნელი გზით, ჯვარცმის გზით. ამდენად, ვისაც სურს სულის ცხონება და სწყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს ამ გზით, რასაც ჰქვია არგანკითხვა.
დღეს წმინდა ეკლესია, რომელსაც შევყავართ დიდ მარხვაში, მოგვიწოდებს სწორედ ამისკენ – არგანკითხვისკენ, განუკითხველობისკენ, ამ სანატრელი სათნოებისკენ, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სულიერი ცხოვრება, იქ არ არის სიყვარული. რა არის, აბა? მხოლოდ გარეგნული მხარეა ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომ უნდა ვევედროთ უფალს, შეგვეწიოს ამ თვისების მოპოვებაში, რომ ვისწავლოთ ჩვენი მოყვასების არგანკითხვა; და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გვასწავლიან ეკლესიის წმინდა მამები, რომ როგორც კი მოგინდება განკითხვა, როგორც კი ეს აზრი მოგივა, მაშინვე უნდა განაგდო იგი შენგან, დაუპირისპირო შენივე თავის განკითხვა და იფიქრო, რომ ჩემმა ძმამ ახლა შესცოდა, ხვალ კი შეიძლება მე უარესად შევცოდო; და რომ მე უარესი ვარ მასზე. ჩვენ კი, როცა ადამიანებს განვიკითხავთ, როგორც წესი, ვფიქრობთ, რომ რაღაცით მე მაინც უკეთესი ვარ მასზე. თუ ვცდილობთ, ამ სულიერ გზას შევუდგეთ, ზოგჯერ ეს აზრიც გაგვიელვებს ხოლმე, რომ არა, მე არ ვარ სხვაზე უკეთესი, შეიძლება ამ კაცზე უარესიც ვარ, ახლა ვისაც განვიკითხავ. მაგრამ ეს წამიერად გაგვიელვებს ხოლმე და იქვე მალევე ისევ განვიკითხავთ ამ ადამიანს. ვინაიდან ასე მივეჩვიეთ განკითხვას, ამიტომაც შორს ვართ ნამდვილი ქრისტიანული და სულიერი ცხოვრებისგან, იმ გზისგან, რომელსაც შეჰყავს ცათა სასუფეველში.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დავფიქრდეთ ამაზე, რომ მიტევებასთან, მიტევების ამ სათნოებასთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულია არგანკითხვის თვისება. ამიტომ წმინდა ეკლესია დიდ მარხვაში გვიდგენს ყოველდღიურ საკითხავად ღირს ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც სრულდება შემდეგი სიტყვებით, თხოვნით, რომ უფალმა მოგვანიჭოს „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა“, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.