ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „მიდის მუშაობა ამერიკის მთავრობასთან დონაციასთან დაკავშირებით, საუბარია ამერიკული წარმოების ვაქცინებზე, რომლებიც ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა შემოვიდეს“. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, საქართველოში არსებულ ყველა ვაქცინაზე მოთხოვნა საბედნიეროდ იზრდება.
გაბუნიამ გუშინ Pfizer-ზე რეგისტრაციასთან შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ყველა მსურველი შეძლებს აცრაზე დარეგისტრირებას.
„საბედნიეროდ, საქართველოში მოთხოვნა ვაქცინაციაზე კარგია. თავიდან იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და მერყეობა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ვაქცინით უნდა აიცრას ადამიანი. დღეს ვხედავთ, რომ უკვე იზრდება ჯავშნების რაოდენობა Sinopharm-ზე, Sinovac-ზეც. AstraZeneca-ზეც მოთხოვნა გაიზარდა. Pfizer-ზე მოთხოვნა არის ყველზე მაღალი. სხვა ქვეყნების გამოცდილება ისეთია, რომ მოსახლეობის 40% ვაქცინას იკეთებს საკუთარი სურვილით, მარტივად და ენთუზიაზმით. ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივედით ამ 40%-მდე. დაახლოებით 5%-ის ფარგლებში ვართ ორჯერ ვაქცინირებულების რაოდენობით, რაც კიდევ გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 2-3 თვე იქნება ძალიან დატვირთული, აქტიური.
კონკრეტულად Pfizer-ის მილიონ დოზაზე ვსაუბრობთ, რაც არის ხელშეკრულების ფარგლებში ნაყიდი. გარდა ამისა, მიდის მუშაობა ამერიკის მთავრობასთან დონაციასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა აქაც საუბარია ამერიკული წარმოების ვაქცინებზე, რომლებიც ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა შემოვიდეს. ის საწყისი დოზები, რომელიც გუშინ გაიხსნა, არის მხოლოდ დასაწყისი. ნამდვილად არ იყო საჭირო ამდენი ნერვიულობა და აჟიოტაჟი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.