LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიძღვნა დიდ ბიჭებს!” – ანსამბლი „ქართული ხმები” სოლოკონცერტებისთვის ემზადება!

988
ქართული-ხმები

რადიო „ფორტუნას” და გადაცემა „არტ-Fm“-ს სტუმრობდნენ ანსამბლ „ქართული ხმების” სოლისტი კახა გრიგალაშვილი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი, რომლებმაც მსმენელს 20 და 21 ივნისს დაგეგმილი კონცერტების შესახებ უამბეს.

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ უნივერსიტეტს სიმბოლური „გასაღები“ და ლეგენდარული ქართული ბრენდის – „ქართული ხმების“ სახელი გადასცა. მას შემდეგ ანსამბლი აგრძელებს ტრადიციულ გზას და კუთვნილ ადგილს იკავებს ქართულ სასიმღერო გალერეაში.  ანსამბლის იდენტობას დღეს მისი წევრების ინდივიდუალური სასიმღერო მანერა და ქალაქური ჟანრისადმი პროფესიული მიდგომა განსაზღვრავს. მისი წევრების გამორჩეული ხმების ჟღერადობა კი ქართული პოლიფონიური ხელოვნების თანამედროვე სურათია.

ქეთი გაბისიანი:

20 და 21 ივნისს  ანსამბლ „ქართული ხმების” დაგეგმილი კონცერტები  გაიმართება ფილარმონიაში, ეს იქნება შეხვედრა მონატრებულ მსმენელთან, მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა, რომლებთანაც წლების მეგობრობა მაკავშირებს, მანდეს ამ კონცერტების მუსიკალური ხელმძღვანელობა და ბენდთან ერთად გიმზადებთ დაუვიწყარ კონცერტებს, რომლებიც ძალიან საინტერესო კონცეფციით იქნება წარმოდგენილი.

კახა გრიგალაშვილი:

ათ წელზე მეტი გავიდა „ქართული ხმების“ ბოლო სოლოკონცერტიდან,  ანსამბლი ბრუნდება ახალი რეპერტუარით და როგორც იტყვიან, „კარგად დავიწყებული ძველით“, ამ დაბრუნებას თითოეული წევრი იმ თავის დიდ სულიერ წინაპარს უძღვნის, რომელმაც 90-იანი წლების ნაცრისფერ თბილისში ჩვენ, პატარა ბიჭებს ქართული სიმღერა შეგვასწავლა და შეგვაყვარა, დაგვარწმუნა, რომ მართლაც „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში…“  პროექტის სახელწოდებაც –  „მიძღვნა… დიდ ბიჭებს!” სწორედ ამაზე მეტყველებს, ეს იქნება ერთგვარი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვა ჩვენი მხრიდან, თითოეული ჩვენგანი დღემდე ვამაყობთ, რომ ფეხი დიდ მაესტროებთან ავიდგით, ესენი იყვნენ თემურ ქევხიშვილი – ანსამბლი „დარიალი“, ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლი „რუსთავი“ და თავისთავად ანსამბლ „ქართული ხმების“ დიდი თაობის ყველასთვის  ძვირფასი  –  გოგი დოლიძე,  გურამ თამაზაშვილი -„ბარდღა“, დავით გოგიაშვილი -„თავგასა“, ზაურ ბოლქვაძე – ზაურიკა ბიძია, ბატონი გია ჭირაქაძე. მათთან ურთიერთობაში მიღებული გამოცდილება დღემდე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.

ქეთი გაბისიანი:

საღამოს მუსიკალური კონცეფციის ნაწილია სიმღერები, რომლებსაც დიდი არტისტები ვირტუოზულად ასრულებდნენ. ეს სიმღერები ახალი ვერსიების სახით გაიჟღერებს, ფილარმონიის სცენაზე, სადაც ანსამბლი „ქართული ხმები“ მისთვის ჩვეული ჟინით შთაბერავს სულს ჩვენთვის უსაყვარლესი კომპოზიტორების მუსიკას.

ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსმენელამდე განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიყვარულით მივიტანოთ ყველა სიმღერა, რომელთანაც ანსამბლს წლების ემოციური კავშირი აქვს, კონცერტში შესრულებულ ყველა სიმღერას აქვს დიდი დატვირთვა ანსამბლის ბიოგრაფიაში.

საკონცერტო პროგრამა იქმნება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ინსტრუმენტალისტების ჩართულობით, ბენდი წარმოდგენილი იქნება შემდეგი შემადგენლობით: ლევან დეისაძე (ბასგიტარა) ,ზაზა ცერცვაძე (დრამი), გიგი ცინცაძე (გიტარა), პაატა ანდრიაძე (კლავიში), ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიში), დიტო საკანდელიძე (პერკუსია), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო).

კახა გრიგალაშვილი:

ეს კონცერტები ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია ანსამბლის თითოეული წევრისთვის, ახალი სუნთქვით ვბრუნდებით, მაყურებელს უკვე შევთავაზეთ ორი ახალი მუსიკალური ვიდეო გვანცა მეფარიშვილის რეჟისორობით, ეს გახლავთ გიორგი ცაბაძის „მუხამბაზი” და სულხან ცინცაძის პოპური კინოფილმიდან „თოჯინები იცინიან”, რომელიც აუდიტორიამ დიდი გამოხმაურებით მიიღო და მოიწონა, წინ გვაქვს კიდევ რამდენიმე მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომელიც ჩვენს ოფიციალურ იუთუბ და ფეისბუქ არხებზე დაიდება, დაელოდეთ!

რაც შეეხება სამზადისს, 25 წელია, ქეთი გაბისიანთან ვთანამშრომლობთ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მისი გამოცდილება და გემოვნება გვეხმარება, შევქმნათ ახალი რეპერტუარი ივნისში დაგეგმილი კონცერტებისათვის, რეპეტიციები ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს, ჩვენც მოუთმენლად ველით 20 და 21 ივნისის მოახლოებას.

ქეთი გაბისიანი:

როდესაც მეგობრობას ერთვის მუსიკალური მეგობრობა, ეს უკვე დიდი კომფორტია, შესაბამისად, დიდი სიამოვნებაა ბიჭებთან სიახლეებზე მუშაობა, პროცესში ვკამათობთ, ვმსჯელობთ და რაც მთავარია, ვენდობით ერთმანეთს. რუტინული მუშაობის პროცესი ყოველთვის იძლევა შედეგს, ჩვენც ჩართულები ვართ ყოველდღიურ შრომასა და რეპეტიციებში. იმედია, მსმენელს საინტერესო კონცერტს შევთავაზებთ!

კახა გრიგალაშვილი:

კონცერტების კონცეფციის ავტორია რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი, რომელიც სცენაზე არაერთ საინტერესო ჩანაფიქრს განახორციელებს, ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფში არიან ჩვენი უახლოესი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ასევე წლებია, მოვდივართ: ლიკა ხუნწარია, ნეკა სებისკვერაძე, პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელთა ჩართულობის გარეშეც ამხელა პროექტს ვერ შევეჭიდებოდით, როდესაც დიდ მხარდაჭერას გრძნობ და ხედავ, როგორი მონდომებაა საორგანიზაციო ჯგუფში, მეტი სტიმული გეძლევა და ეს გვახარებს!

ქეთი გაბისიანი:

როდესაც გეგმავ ასეთ მასშტაბურ კონცერტს, შეუძლებელია, იდეის განხორციელება მხარდამჭერების გარეშე, დიდი მადლობა  საქართველოს კულტურის სამინისტროსა დაქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ტელეკომპანია „იმედს” და რადიო „ფორტუნასა” და რადიო „არ დაიდარდოს”, პორტალს www.biletebi.ge.

20 და 21 ივნისს ყველას, ვისაც ქართული სიმღერა გიყვართ, გელით ფილარმონიაში!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g