LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ემოციური არის ხოლმე, როდესაც ქართველი ემიგრანტები ცრემლიანი თვალებით გვიყურებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ჩავუტანეთ მათი წილი საქართველო…“ – ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე შემოქმედებითი სიახლეებით და სამომავლო გეგმებით გადაცემაში „არტ-FM“

389
გელა-დონაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა კარიერულ, შემოქმედებით სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი ნამუშევარი „ვერ აგისრულე“ წარუდგინეს.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

გელა: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი შემოქმედებითი მიმართულება არ გაჩერდეს და წინ და წინ წავიწიოთ.

გელა, ვიცი, რომ საოცარი ისტორიები გაქვს პატრიარქთან დაკავშირებით… გაიხსენე ერთ-ერთი ამბავი, რომელიც აქამდე არ მოგიყოლია.

გელა: დავიწყებ იმით, რომ 16 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემი ძმა უწმინდესთან მოვხვდით. მაშინ, მამა გარდაგვეცვალა და დაკრძალვის მეორე დღეს სიონში მიგვიყვანეს, უწმინდესთან და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მგალობლების სტატუსით მიგვიღო პატრიარქმა. გიორგი სვიმონს, უწმინდესის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელს ჩააბარა ჩვენი თავი. ყველაზე მთავარი იყო, რომ ასე გვითხრა, მამათქვენის სული ცხონდა, მამათქვენმა მგალობლები გამოგვიგზავნაო. ჩვენ ანსამბლი გვყავდა მაშინ, რომლებიც ჩვენთან ერთად უწმინდესთან მოვიდნენ. გვითხრა, დიდი გუნდი უნდა გააკეთოთო. ჩვენი ამ სიმღერის სიყვარულით, იმ ენთუზიაზმით ეს გუნდი გახდა ძალიან დიდი, უწმინდესის ლოცვა კურთხევით. დღეს, მოგეხსენებათ, სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდი როგორი უმაღლესი დონისაა, გამორჩეულია, როგორც გალობის თვალსაზრისით, ასევე პროფესიული მუსიკის თვალსაზრისით და მოწინავეა დღევანდელ ჩვენს გუნდებში.

რაც შეეხება ჩვენს ისტორიებს, უამრავი ისტორია გვაქვს ჩვენს უწმინდესთან. ფაქტობრივად, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მამა მე და ჩემს ძმას, მაშინ გამოგვეცალა და იქიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, უწმინდესის კალთის და ფრთების ქვეშ ყოფნა და იქ ჩამოვყალიბდით, იქ ვიზრდებოდით, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით. უწმინდესთან ერთად მოვიარეთ როგორც რეგიონები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიყავით იერუსალიმში, წმინდა მიწაზე, სადაც საოცარი წირვა-ლოცვა აღევლინა, მახსოვს, უწმინდესთან ერთად ვეზიარეთ კიდეც. იყო საოცარი შეხვედრები ჩვენს თანამემამულეებთან, ემიგრანტებთან ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. და უწმინდესის მოწოდება, თხოვნა და ლოცვა-კურთხევა ყოველთვის იყო, რომ ჩვენი თანამემამულეები აუცილებლად დაჰბრუნებოდნენ თავიანთ ფესვებს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ისინი იმ პრობლემების მოგვარებას დაძლევდნენ, რისთვისაც წასულები იყვნენ.

ანუკი: ის ისტორია მოყევი, ბაღში რომ დაგნიშნა…

გელა: როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მკითხა, როდის ამთავრებ უნივერსიტეტს, ლექციები როდის გიმთავრდებაო, ვუთხარი, შუადღეს, სადღაც, 2-3 საათისთვის მეთქი. მაშინ, მაგ დროს გელოდებიო. გამწვანების სამსახურში დედა სოფია იყო უფროსი და მე დამნიშნა ბაღში, რომ სხვაგან არ წავსულიყავი და სხვა რამისთვის არ დამეთმო დრო.

რეპეტიციებიც საპატრიარქოში გვქონდა და ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩვენს რეპეტიციებზე, შესაბამისად, გვისწორებდა სიმღერასაც, გალობასაც.

2003 წელია, უწმინდესმა რეპეტიციიდან გამოგვიყვანა, ბაღში დავსხედით და გვესაუბრებოდა, ამიხსენით, რა არის სიყვარულიო. ჩვენ ვიდექით და ცოტა ვიბოდიალეთ, ბევრი რამე ვთქვით ერთობლივად, მან გვითხრა – „სიყვარული არის თავად უფალი“. ერთ სიტყვაში, ერთ წინადადებაში გვიპასუხა.

გვქონდა ბედნიერება, რომ მასთან ერთად გვესადილა, მასთან ერთად გვევახშმა.

მარიამი გაგვიჩნდა თუ არა, ტელეფონმა დამირეკა და ტელეფონში უწმინდესის ხმა გავიგე, გელა, გავიგე რომ გაგიჩნდა ბავშვი და გილოცავ, რა დაარქვიო, მე ვუთხარი, მარიამი დავარქვი-მეთქი და რა იყო სახელის დარქმევაც არ დამიტოვეო?! ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, რასაც მეტყვით, იმას დავარქმევ-მეთქი და არა, არაჩვეულებრივი სახელია და გელოდებით, როდესაც შეძლებთ, მოდითო. მარიამი რომ მივიყვანეთ, ისე ეფერებოდა, ისე ეთამაშებოდა.

ჯვრისწერაზეც იყო საოცარი მომენტი, როდესაც უწმინდესთან მივედი და ვუთხარი, ამა და ამ რიცხვში გვინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი, მითხრა, გელოდებით, უნდა დაგლოცოთო. მივედით თუ არა, მითხრა, მოდი, მეორე სართულზე გავაკეთოთ ქორწილის ტრაპეზიო და მე ვუთხარი, მივფრინავთ-მეთქი, გასტროლი გვქონდა იმ ღამესვე. სიონში გადავედით, მამა შალვა კეკელიამ, ჩვენმა უძვირფასესმა მოძღვარმა დაგვწერა ჯვარი, უწმინდესმა დაგვლოცა.

მერე, იკაკოც მივიყვანეთ უწმინდესთან.

ვიცი, რომ ორმოცამდე ყველა კონცერტზე უარი თქვით…

ანუკი: კი, ნამდვილად, ყველა კონცერტზე და ღონისძიებაზე ვთქვით უარი, ერთადერთი, „კონსერვატორიის დიდ დარბაზში“, ზუსტად ორი დღის წინ ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, ძალიან აკადემიური, ძალიან კლასიკური. როდესაც საქმე ეხება საქველმოქმედო კონცერტს, სადაც, დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყვით. ყველაზე დიდი სიხარული ის იყო, რომ მსმენელმა, რომელიც მაინც უფრო აკადემიურია „კონსერვატორიის დიდ დარბაზში“, მაინც უფრო თავშეკავებულია, დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენდამი. დიდი აპლოდისმენტებით, ფეხზე დამდგარმა მსმენელმა გამოგვაცილა.

ანუკი, როგორია კარიერული სიახლეები?

ანუკი: მზადდება ახალი სიმღერა. სიმღერას „თეატრალურის კვარტეტი“ ამზადებს. იწერება გელას სოლო სიმღერა და ვნახოთ, როგორი გამოვა, მგონი, კარგი იქნება.

გელა, გაიხსენე ყველაზე ემოციური გამოსვლა.

გელა: როდესაც გასტროლები გვაქვს, პირობითად, „ბასიანთან“ ერთად, ძირითადად, მსმენელის 90 % უცხოელია, მაგრამ როდესაც ჩვენ ჩავდივართ და მე და ანუკი ვმართავთ კონცერტს ჩვენი თანამემამულეებისთვის, მაშინ პირიქით არის ხოლმე, ძირითადი მსმენელი ქართველები, ჩვენი თანამემამულეები არიან. ყველა შეხვედრა ძალიან ემოციურია, ვერ გამოვყოფ, ყველა შეხვედრა არის ისევ თვალცრემლიანი, ისევ სიხარულით სავსე, იმ იმედით სავსე, რომ ეს ადამიანები თავიანთ ფესვებს დაუბრუნდებიან და ისევ დაამშვენებენ ჩვენს სამშობლოს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათი გულები გავახაროთ.

ანუკი: ყველაზე ემოციური არის ხოლმე, როდესაც ცრემლიანი თვალებით გვიყურებენ და გვეუბნებიან, რომ უნდათ დაბრუნება, რომ ჩვენ ჩავუტანეთ მათი წილი საქართველო.

მე გავიხსენებ მომენტს, როდესაც ვმღეროდით „საქართველოს“, თამარ გვერდწითელის საოცარ სიმღერას, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ყველას ცრემლი მოსდიოდა, ფრიალებდა საქართველოს დროშა და ეს იყო საოცარი ემოცია.

რამე ექსცესი თუ გქონიათ სცენაზე გამოსვლისა?

გელა: ერთი ნიშანი მაქვს, რომლითაც ანუკის ვანიშნებ ხოლმე, რომ იმ მომენტში სიმღერის სიტყვები დამავიწყდა, ამ დროს, ანუკი გულზე მიიდებს მიკროფონს და სიტყვებს მკარნახობს.

ანუკი: როცა მე ვუკრავ, იმდენად ჩართული ვარ, თუ რას ვუკრავ, რას მღერის, მე რას ვმღერი, პედაგოგიური მაქვს ხოლმე ჩართული და უცებ, ხდება, რომ მავიწყდება, რა ტონალობაში ვარ, სად ვუკრავ და შეიძლება რაღაც ისეთი ჰარმონია ავიღო და გელა ისე გადმომხედავს ხოლმე.

რომელი უფრო კრიტიკულია ოჯახში?

ანუკი: მე. უფრო სწორად, კრიტიკულზე მეტად, მე ვარ უფრო დამგეგმავი… განრიგი, ცხრილი…

რა არის სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებაც გსურთ?

ანუკი: რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საავტორო კონცერტი გავმართო და ყველა იმ მომღერალს, რომელიც ჩემს სიმღერას ასრულებს თავი მოვუყარო. ვნახოთ, ჯერ არ დაგვიწყია ამაზე მუშაობა და ზრუნვა, თუმცა ფიქრებში სულ მაქვს. ჯერ, არ ვჩქარობ, რადგან მინდა, ისე იყოს, როგორც გამიხარდება და ამას ცოტა დრო სჭირდება.

მოგვიყევით სიმღერაზე „ვერ აგისრულე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ანუკი: ეს არის ყველასათვის საყვარელი დუეტი, ნოდარ ნიკოლაიშვილის „ვერ აგისრულე“. ძალიან გვინდოდა, რომ შეგვესრულებინა და იმედია, რომ მსმენელი შეიყვარებს ჩვენს ნამღერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g