LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მინდოდა, რომ ასეთი კონცერტები მქონოდა, როგორც იქნა, ახლა ავიხდენ ოცნებას… 14 ახალი სიმღერის პრემიერა იქნება“ – ოთო ნემსაძე „არტ-FM“-ში

328
ოთო-ნემსაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ოთო ნემსაძე სტუმრობდა, რომელმაც 25 აპრილს დაგეგმილ სოლოკონცერტსა და შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა.

ოთო, მოგვიყევი სოლოკონცერტზე, რომლისთვისაც ემზადები, იქნება ახალი სიმღერების პრემიერა?

კი, 14 ახალი სიმღერის პრემიერა იქნება.

რაც შეეხება კონცერტს, როგორც იქნა, დადგა ის დრო, რომ დიდი ხნის ნაწვალები ჩემს მსმენელს უნდა მოვასმენინო. ეს არის ჩემი რიგით მეორე მასშტაბური სოლოკონცერტი, მაგრამ მე მაინც პირველს ვეძახი, რადგან ახლა ზუსტად იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა და არავინ მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო, როგორ და რისთვის. გთავაზობთ ჩემი და ჩემი ბენდის – „ლიმბოს“ მუსიკას.

კონცერტი 25 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ძალიან მომწონს, რომ მარჯანიშვილის თეატრის ეს ძალიან თეატრალური სივრცე როკმუსიკას შეერწყმება. ბევრი ასეთი კონცერტი მქონდა ნანახი, „როლინგ სტოუნზიდან“ დაწყებული, ძალიან ბევრი ძალიან მაგარი მუსიკოსით დამთავრებული და სულ მინდოდა, რომ მეც ასეთი კონცერტები მქონოდა თეატრებში. როგორც იქნა, ახლა ავიხდენ ამ ოცნებას.

გპირდებით, რომ სკამზე ვერ გაჩერდებით, გპირდებით, რომ თეატრიდან გამოსული, ბევრჯერ იტყვით – „ვახ, ეს რა მოვისმინე“.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს. მირჩევნია, ვაკეთო ეს და არაფერი გამაჩნდეს, ვიდრე ყველაფერი მქონდეს და ვაკეთო ის, რაც სხვას უნდა.

კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე.

როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები?

რეპეტიციები უკვე აქტიურ ფაზაშია. ბენდის რეპეტიციები, სადღაც, 2 თვის წინ დავიწყეთ, რადგან რაღაც იყო შესაცვლელი პროგრამაში, სხვა ტიპის პროგრამაა მსმენელთან წარსადგენი.

დღეს პირველად გავაჟღერებ რაღაცებს, არა მხოლოდ ჩემს ბენდთან მაქვს რეპეტიციები, ცალკე გორის გოგონათა გუნდთან მაქვს, ანუ გორის გოგონათა გუნდიც იქნება ჩემს კონცერტზე. მათ ჩემს მუსიკას ისეთი ფრთები შეასხეს, რომ ძალიან მომწონს და ძალიან დიდი მადლობა მათ.

ბევრი რეპეტიცია მაქვს, ცალკე სიმებთან, ცალკე ბენდთან, ცალკე გორის გოგონათა გუნდთან, ცალკე ბექვოკალთან და ახლა, უკვე ამ ყველაფრის გაერთიანებას ვაპირებთ, რომ საბოლოო სახე მივცეთ.

ხშირად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ამ ეტაპზე თუ მიდის რაიმე მოლაპარაკება და ახლო მომავალში თუ გიხილავთ რომელიმე პროექტში?

არა, რაღა პროექტი მინდა?! (იცინის). მაგაზე სულ მიდის მოლაპარაკებები ჩემთან, არა მარტო საქართველოში. საქართველოში უკვე არარსებულია, რაც დარჩა, იქ არ მივდივარ, ყველამ იცის და არც მივალ, ალბათ, მომავალში. ძალიან ბევრი ქვეყნიდან მწერენ მუსიკალურ პროექტებზე, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერზე უარს ვიძახი, რადგან ახლა ჩემი მუსიკის კეთების დრო მაქვს და მინდა, რომ საკუთარი რეპერტუარით მიცნობდეს ხალხი.

რა არის ის სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებაც განსაკუთრებულად გინდა?

ეს ალბომია ჩემი ერთადერთი მიზანი. მინდა, რომ შემდეგ ალბომზე რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა.

პირველ რიგში, გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება საქართველოში ტურნე, თითქმის ყველა ქალაქში.

მე რეალური ოცნებები მაქვს, არ მაქვს არარეალური ოცნებები, რადგან ყოველთვის ძალიან დღევანდელობით ვცხოვრობ, არ ვერგები რაღაცებს, 20 წლის წინ რაც ვთქვი, ის მომაქვს დღემდე. ასე რომ ვთქვათ, გარემოებებს ვირგებ.

ძალიან მინდა, რომ დიდი სოლოკონცერტი ჩავატარო გორის ციხეზე, ეს არის ჩემი დიდი ოცნება. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, ყოველთვის გვერდში მიდგას და მინდა, რომ ჩემი ყველაზე გრანდიოზული კონცერტი გორიდან დაიწყოს. დიდი სცენა, დიდი მონიტორები მინდა, სიმფონიური ორკესტრი…

მოგვიყევი ახალ სიმღერებზე.

რაც შეეხება სიმღერებს, ამ ალბომის ჩაწერა 9 წლის წინ დაიწყო. ბევრი პრობლემის გამო, იმის გამო, რომ ამ მუსიკაში ჟღერადობის პოვნა ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია, სულ ვეძებდით ჩვენს ჟღერადობას და რამდენიმე წლის წინ მივაგენით ამას. ალბომზე ბევრ სხვადასხვა სტუდიაში არის ნამუშევარი, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ეტაპზე. ამ ვოკალებს სულ გადავაწერდი ხოლმე, შემდეგ წელს რომ ვუსმენდი, აღარ მომწონდა და თავიდან ვწერდი და იმდენჯერ მაქვს ეს ალბომი გადაწერილი, რომ უკვე მორჩა, ახლა გამოვა, აღარ გადავწერ და დარჩება ისეთი, როგორიც არის.

ამ ალბომში ერთადერთი ჩემი სიმღერა შედის, არის ჩემი ძმის სიმღერაც, ზურა მოსიავას სიმღერა და ზაზა ქოქრაშვილის რამდენიმე სიმღერა. ტექსტებზე იმუშავეს სანდრო ლორთქიფანიძემ, ნიკუშა ფაიქრიძემ, ზაზა ქოქრაშვილმა, ასევე მეც ვიმუშავე. ხმის ინჟინერია, მასტერინგი და მიქსინგი ზაზა გოჩიტაშვიმა გააკეთა. ძალიან ქაოტური ალბომი იყო თავის დროზე და როგორც იქნა, დალაგდა.

„თუ გამომიწვდი ხელს“

როგორ უვლი ხმას?

არ ვუვლი… ბევრი წლის განმავლობაში არ ვუვლიდი ხმას, არ არსებობს ჩემთვის ოთახის ტემპერატურის წყალი, რაღაც პროცედურები… ერთადერთი ჩემს ხმას პრობლემა ჰქონია ბევრი სიმღერის შემდეგ და ეს ბევრი არის ძალიან ბევრი. ღმერთმა ის ბედნიერება მარგუნა წილად, რომ ჯერჯერობით, ძალიან ჯანმრთელი ხმის იოგები მაქვს და ასე მარტივად არ ვცივდები, არ ვიფუჭებ ხმას და ა.შ. , თუმცა ახლა, ვატყობ, რომ რაც უფრო ვიზრდები, მავნე ჩვევებს თავი უნდა დავანებო, რადგან ხმაზე არ არის პრობლემა, არამედ აქ სუნთქვითი პრობლემები იწყება. ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის. ამაზე იმდენად ვნერვიულობ უკვე, რომ ყოველ წამს თავში მაქვს, რადგან დიდ კონცერტებზე ამ ტიპის მუსიკის მღერა მომაკვდინებელია. ქართულად როკ-ენ-როლის მღერა ძალიან რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g