რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გია ბაღაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „აქ ემღერება გულს“, „ლუკას განდაგანა“ და „ძველი ჰანგი“ პრემიერა შედგა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „აქ ემღერება გულს“.
მინდა, ერთ ნიუანსს გავუსვა ხაზი, აქ ჟღერს ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხმა, ვინაიდან ეს სიმღერა დიდ წილად მასთან არის დაკავშირებული. შეუდარებლად მღეროდა ბატონი ნიკო, ძალიან უხდებოდა. ბატონ ნიკოს მიმართ პატივისცემა, ჩვენი მონატრება და მისი ღვაწლის დაფასება, შევეცადეთ, რომ მუსიკალურად გამოგვეხატა. სიმღერას 15 ადამიანი ვასრულებთ. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის.

მოგვიყევით სიმღერაზე „ლუკას განდაგანა“.
მინდა, განსაკუთრებით მოვეფერო ჩემთვის ძვირფას ადამიანს და გამოვხატო სიხარული ლუკა წიკლაურის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ლუკა ჩემი მოსწავლეა. ის არაერთი საინტერესო სიმღერის ავტორია. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მან მომასმენინა და რომელსაც სახელიც არ ჰქონდა, ამეკვიატა. მერე, დავურეკე და ვუთხარი, „ჩვენს შოუში“ პრემიერა ხომ არ გავაკეთოთ-მეთქი. თვითონ იწყებს სიმღერას, საფრანგეთიდან ჩაგვერთო. სიმღერის სახელწოდებაზე რომ მიდგა ჯერი, შევთავაზე „ლუკას განდაგანა“ დავარქვათ-მეთქი, რადგან მისი დაწერილია. სიმღერას ლუკა ჭანიშვილი, ბორის ბედია, ზურა მანჯავიძე, ბადრი ჩიხიაშვილი, გია დავითიანი, კოტე მჟავია და მე ვასრულებთ.

დღეს, კიდევ ერთი სიმღერის, „ძველი ჰანგი“ პრემიერა გვაქვს, რას გვეტყვით აღნიშნულ ნამუშევარზე?
ეს სიმღერაც აიტაცა „ჩვენი შოუს“ მაყურებელმა. ეს არის ლაივ შესრულება.
სიმღერების ახალი ვერსიებიდან, რომელთაც თქვენ ქმნით, რომელია ყველაზე პოპულარული, რომელს გამოარჩევდით?
ამ ბოლო დროს, ძალიან მოსწონთ „ძველი ჰანგი“, ასევე შალახო. მიხარია, რომ ბევრია ისეთი სიმღერა, რომელსაც სტაბილურად ელოდება მაყურებელი.

შვილებზე მინდა გკითხოთ, თუ მღერიან და თქვენ თავად რამდენად გსურთ, რომ ამ საქმეს გაჰყვნენ?
გამოჩნდება დროთა განმავლობაში, მე სრულებითაც არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც აუცილებელია, რომ პროფესიად აქციონ ეს. ეს მათზეა დამოკიდებული, მე ყველანაირად ხელს შევუწყობ ნებისმიერ მათ ინტერესს.
სწავლობენ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი კლასის ვოკალურ კულტურას ეზიარებიან, ეს განსაკუთრებით ქართულ სიმღერებს ეხება, რაც ჩვენ ასე გვეძვირფასება. გარდა ამისა, აქვთ სხვადასხვა ინტერესები, ხატავენ საკმაოდ კარგად, სპორტთანაც ახლოს არიან.
გია ბაღაშვილი & ჩვენი შოუს გუნდი – ძველი ჰანგი
გია ბაღაშვილი, ლუკა წიკლაური & ჩვენი შოუს გუნდი – ლუკას განდაგანა
გია ბაღაშვილი & ჩვენი შოუს გუნდი – აქ ემღერება გულს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია ბაღაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”