LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიხარია შედეგი, რაც გვაქვს” – კალაძეს მშენებლობაც უნდა და გამწვანებაც

103
71970828-3012939298722650-9080027310077247488-o

თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მშენებლობების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პროცესების სწორად და ხარისხიანად წარმართვას მოითხოვს. კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ურბანული განვითარების გეგმასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პირობებზე ისაუბრა. ის ამ კუთხით მერიის 2-წლიანი მუშაობის შედეგით კმაყოფილია.

“2 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით მერიაში, დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სწორად და ხარისხიანად, იმისათვის, რომ არ მივიღოთ ისეთივე მდგომარეობა, როგორც სპორტის სასახლის უკან მდებარე ტერიტორიაზეა. ამ მიმართულებით მთელი რიგი სამუშაოები განვახორციელეთ. შემოვიღეთ განაშენიანების რეგულირების გეგმაში გამწვანების კომპონენტის აუცილებელი პირობა. მიხარია შედეგი, რომელიც დედაქალაქში გამწვანების მხრივ გვაქვს. ყველგან, სადაც შეიძლებოდა და საჭირო იყო, გავამწვანეთ, გზაგამყოფებზე და ა.შ. ეს არის ერთი მხრივ ეკოლოგიაზე ზრუნვა და მეორეს მხრივ ალამაზებს ქალაქს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძემ თავის დროზე ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა და განსახორციელებელი საკითხები მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. დღეს კი მიცემული დავალების ანგარიში მოითხოვა. კონკრეტულად, თემა ეხება ურბანული გენგეგმის გამარტივებული საკითხის შემოღებას. კალაძემ აღნიშნა, რომ ის წესები და კანონები, რაც იყო ურბანული განვითარების კუთხით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ბევრ რამესთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით კი, სამართლებრივი აქტების მომზადება პროცესშია და უახლოეს დღეებში ჩატარდება პრეზენტაცია, სადაც დეველოპერებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რათა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესი გამარტივდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები