LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 ნოემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3019
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში იმყოფება, რაც ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგების გაზრდას და ჰარმონიის განმტკიცებას. თუმცა კვირაში არის ერთი დღე, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – საუბარია 20 ნოემბერზე, ხუთშაბათ დღეზე, რომელიც ახალმთვარეობის პერიოდს ემთხვევა. ეს მძიმე ენერგეტიკული დღეა, ამიტომ ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი ან რისკიანი არ დაიწყოთ, თავი აარიდეთ პროვოკაციებსა და კონფლიქტებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ აქტიურად იმოქმედოთ.

ასევე აღსანიშნავია შაბათი დღე, როდესაც მზე გადაინაცვლებს მშვილდოსნის ნიშანში – ამ მოვლენამ ადამიანებში ოპტიმიზმი, აქტიურობა, კომუნიკაბელურობა და შემოქმედებითი ენერგია უნდა გააძლიეროს.

ვერძი – წინა კვირისგან განსხვავებით, შედარებით მშვიდი პერიოდი გაქვთ. წარმატებით შეძლებთ მოლაპარაკებების წარმოებას და მათი დადებითად დასრულებას. კვირა ნაყოფიერია როგორც შემოქმედებითი, ისე ბიზნესმიმართულებით. კარგია ახალი სტრატეგიული გეგმების დასახვისთვის, თუმცა შეინახეთ საიდუმლო და არ გაამჟღავნოთ თქვენი ჩანაფიქრები.

კურო – თქვენი ენერგოტონუსი თანდათან მატულობს. ეს ჰარმონიული და სტაბილური პერიოდია, ფსიქოემოციური ბალანსი აღდგება. გამოავლინეთ შინაგანი სიბრძნე და იაქტიურეთ კარიერულად. ხელმძღვანელებთან მარტივად იპოვით საერთო ენას. ფინანსურად მეტი თავდაჭერა გმართებთ და ნუ იჩქარებთ ხარჯვისას. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

ტყუპები – მეტად პოზიტიური კვირაა. იღბალი თქვენს მხარეს არის. მოსალოდნელია საჩუქრები ან შემოსავლების მატება. ეს დრო ხელს უწყობს როგორც ფინანსურ, ისე ემოციურ სტაბილურობას. ჯანმრთელობა მყარია, საქმიანობაში კი ზრდის და წარმატების პერიოდი გელით. შესაძლებელია ისეთი შეთანხმება ან ხელშეკრულება დადოთ, რომელიც გრძელვადიანად მოგიტანთ სარგებელს.

კირჩხიბი – ეს კვირა თქვენი გამოცოცხლების ეტაპია. მატულობს ენერგია და ინტუიცია, ჯანმრთელობა კი სტაბილურია. გაძლიერდება იღბლიანობა და შეძლებთ პრობლემების მარტივად გადაჭრას. განსაკუთრებით ხელსაყრელია პირადი ურთიერთობებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის და არსებული კავშირების გაღრმავებისთვის. კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაც. წარმატება მოსალოდნელია კონკურსებსა და ლატარიაშიც.

ლომი – მეტად პოზიტიური და აქტიური პერიოდია. მატულობს ენერგია, ჯანმრთელობა გამყარებულია, იზრდება თქვენი კომუნიკაბელობა და ლიდერული პოტენციალი. სახლში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. თუ ადრე თქვენი კრიტიკული შენიშვნები უარყოფითად აღიქმებოდა, ახლა კონსტრუქციულად აღიქმება. ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერა გამოგადგებათ წინსვლისთვის.

ქალწული – ნაყოფიერი და მრავალფეროვანი პერიოდია. შეგიძლიათ ჩაერთოთ საინტერესო კოლექტიურ პროექტებში, რაც თქვენს პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. მოსალოდნელია ფინანსური სარგებელიც. კარგი დროა სწავლების, მოგზაურობისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაძლებელია ახალ პერსპექტიულ სამსახურში გადახვიდეთ ან ახალი თანამშრომლობა დაიწყოთ.

სასწორი – საინტერესო და ჰარმონიული პერიოდია. სტაბილურობა აღდგება როგორც პირად ურთიერთობებში, ისე ჯანმრთელობისა და ემოციურ ფონში. კარგი დროა კარიერული წინსვლისთვის, ნიჭის წარმოსაჩენად და პარტნიორული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. თუმცა ფინანსურად სიფრთხილე გმართებთ – მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ზედმეტ ხარჯვას.

მორიელი – მეტად ნაყოფიერი კვირაა. მატულობს ენერგია და ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში. კარიერულად წარმატებული პერიოდი გელით, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივით. სურვილი გექნებათ ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თავგადასავლებისკენ სვლით. თუმცა ენას მეტი ყურადღება მიაქციეთ – სარკასტულმა ან გესლიანმა გამოთქმებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა გამაგრებულია. ხართ აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური და ლიდერული თვისებებით გამორჩეული. იგრძნობთ ხელმძღვანელობისა და კოლეგების მხარდაჭერას, რაც თქვენს პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, თუმცა შეინარჩუნეთ თავშეკავება და არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

თხის რქა – თქვენი საქმიანობა გამწვავებული ყურადღების ქვეშ მოექცევა. მატულობს ეფექტურობა და შრომისუნარიანობა. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად და ახალი იდეების რეალიზებისთვის. მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობების გახსნა, რაც თქვენს ნიჭს ახალ დონეზე წარმოაჩენს. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისა და ახალი სამსახურის დასაწყებადაც.

მერწყული – პოზიტიური და ნაყოფიერი კვირაა. მატულობს ფინანსური წარმატების შანსები, ენერგია და შემოქმედებითი პოტენციალი. აქტიურობთ ახალი იდეების გენერირებაში, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ცვლილებებს როგორც ოჯახში, ისე სამუშაო გარემოში. შესაძლებელია საცხოვრებლის შეცვლა ან უძრავი ქონების შეძენა.

თევზები – დადებითი და წარმატების მომტანი პერიოდია. ადვილად იპოვით საერთო ენას პარტნიორებთან და ოპონენტებთან. ინტუიცია გაძლიერდება და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. შეგიძლიათ გახდეთ იდეური ლიდერი, რაც თქვენს ავტორიტეტსა და მატერიალურ მდგომარეობას გააძლიერებს. ხელსაყრელი პერიოდია სწავლებისა და უცხოელებთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის საქმიანი პარტნიორობის კუთხითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები