LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს სამწლიანი მუშაობა შეაჯამა

72

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს სამი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

სამი წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ 2012-2015 წლებში განახორციელა როგორც ინსტიტუციური, ისე კულტურის სფეროსა და როლის გაძლიერების თვალსაზრისით.
პრეზენტაციაზე მინისტრმა კულტურის სტრატეგიის გრძელვადიანი დოკუმენტის შესახებ ისაუბრა, რომელზეც, მის თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, ის იმდენად პოზიტიურად მიმდინარეობს, რომ ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის მისაბაძი მოდელი გახდება.
მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების, შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

“მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს რვა შენობაში, გეგმით გათვალისწინებულია 50-ზე მეტი შენობა-ნაგებობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, აქტიურ კომუნიკაციის მნიშვნელობას.

“სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციასთან, როგორიც არის, იუნესკო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი და ა.შ. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა გიორგაძემ.

კულტურის მინისტრმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მათ შორის, ისეთი პროექტების შესახებ ისაუბრა, როგორიც არის მუცოს, დართლოს, ჩაჟაშისა და ვარძიის რეაბილიტაცია.

კულტურის მინისტრმა სამი წლის ანგარიშის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა ასევე თეატრის, კინოს, მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, სახელოვნებო განათლებისა და კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს მუშაობას და განხორციელებულ პროექტებს. სამინისტრო მომავალი წლების განმავლობაში აპირებს აქტიურად მუშაობის გაგრძელებას.

“ჩვენი ამოცანა იქნება არა რომელიმე დარგის პრიორიტეტად ქცევა, არამედ თითოეულ დარგში პრიორიტეტული ნაბიჯების ჩამოყალიბება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასასრულს მოკლემეტრაჟიანი ფილმიც უჩვენეს, რომელიც კულტურის მნიშვნელობას შეეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g