რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან იუმორისტული შოუს მსახიობები და ტიკ-ტოკერები, დათუნა თათულაშვილი და თაკო ბოგველი.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორ გახდით პოპულარულები?
დათუნა: მიზანმიმართულად არ დამიწყია ვიდეოების წერა, 2020 წლის გაზაფხული იყო, ჩავწერე ტიკ-ტოკ ვიდეო და ძალიან ბევრი ნახვა და მოწონება დააგროვა. ალბათ ტიკ-ტოკი 10-ჯერ მაქვს წაშლილი, არასერიოზული მეგონა, არადა ძალიან დაგვეხმარა. პირველი ვიდეო იყო, ვითომ ვტიროდი, ჩემს შეყვარებულს მივტიროდი, მეორე ვიდეოში კი ნაყინს ვჭამდი იტალიაში. შემდეგ შევედი მუღამში. ძალიან მალე შემიყვარა ხალხმა, ამან დიდი სტიმული მომცა. ბავშვობიდან მიყვარდა პაროდიების კეთება, ლოტკინზე ვცხოვრობ, შეკრული უბანია, ბირჟაზე ადამიანებს ვაჯავრებდი ხოლმე, ქელეხებშიც დავდიოდი, იქიდანაც ვიღებდი მასალას. აი ვანო ჯავახიშვილმა რომ დამირეკა, მაშინ მივხვდი, რომ რაღაცას ვნიშნავდი. ვანოს ფანი ვიყავი ბავშვობიდან, არ ველოდი შაბათის შოუში მუშაობის დაწყებას, ეს ყველაზე კარგი რამ იყო რაც კი დამმართვია.
თაკო: მეც ბავშვობიდან მომწონდა ვიდეოების გადაღება, თავიდან ფეისბუკზე ვდებდი ხოლმე. უნივერსიტეტში კავეენშიც ვიყავი, თეატრალურ დასშიც. შემდეგ ვანოსაც მოეწონა ჩემი ვიდეოები. მანამდე მავანთან ვმუშაობდი. მუდამ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც შაბათის შოუში დავიწყებდი მუშაობას. პირველი ვიდეოში უბანში ბურთს ვთამაშობდი. შემდეგ ტიკ ტოკზე გადავედი. მე ახლა ჯერ არ დამიმთავრებია სწავლა, ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბავშვებისგან ვიღებ ხოლმე ძალიან დიდ სითბოს, ეს სერიალის დამსახურებაა, სადაც მთავარი როლი მაქვს.
როგორ გაიცანით ერთმანეთი?
დათუნა: „მიკომენტარებდა” ხოლმე ვიდეოებზე, გადმოდგა პირველი ნაბიჯი… მერე გადავედი მის გვერდზე, მომეწონა მეც მისი ვიდეოები, პირადად კი ვანოსთან გავიცანით ერთმანეთი, პირველსავე დღეს ჩავწერეთ ვიდეო, ძალიან მალე დავახლოვდით. მგონია რომ ბავშვობიდან ვიცნობ.
ძალიან ბევრი ერთობლივი ვიდეო გაქვთ, წინასწარ დგამთ ხოლმე სცენარს?
დათუნა: წინასწარ არასდროს ვიცით. სულ ჩქარ-ჩქარა ვიღებთ, ერთი სული გვაქვს, ვრთავთ ხოლმე კამერას და ყველაფერი გამოდის.
თაკო: ამიტომ არის ხოლმე, როცა ზოგჯერ გვეცინება ხოლმე
ვინ არის თქვენთვის მთავარი შთაგონების წყარო?
თაკო: ყველა, ბავშვობიდან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, მეტროშიც, მიმიკას ვიჭერ და ვიმახსოვრებ ხოლმე, შემდეგ ვაერთიანებ და გამოდის კარგი პერსონაჟი.
როგორ გხვდებათ ხალხი ქუჩაში, რას გეუბნებიან?
გარდა იმისა, რომ მეხუტებიან და მაქებენ, ყველა მეუბნება, უი, რა პატარა ყოფილხარო, ეკრანზე როგორი დიდი ჩანხარო. ასევე მეუბნებიან, რომ უკეთესი ხარო, ვიდრე ეკრანზეო, ეს მეც შემიმჩნევია, ეკრანზე არ გამოვიყურები კარგად. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე განწყობით დარჩნენ ჩვენ მიმართ.
დათუნა: მე საერთოდ არ მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები ეკრანზე. ბავშვები არიან მგონი ჩემი მთავარი გულშემატკივრები.