შეყარეს ლეგენდები, მოაწყვეს ვახშამი ისტორიულ ადგილზე, დაპირდნენ ტოპ დონეზე დაბრუნებას და ეს თბილისის მერის გარეშე მოხდა.
„მილანს“ გრანდიოზული იუბილე აქვს – კლუბი 120 წლის იუბილეს ზეიმობს. 1899 წლის 16 დეკემბერს ოფიციალურად დაფუძნდა „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“. „სასუოლოსთან“ საშინაო მატჩი (0:0) ზეიმად აქციეს.
„მილანის“ ლოგოტიპს აწერა დამაარსებელ ჰერბერტ კილპინის სიტყვები, რომელიც კლუბის დევიზი გახდა: „ჩვენ ვიქნებით ეშმაკების გუნდი. ჩვენი ფერები იქნება წითელი, როგორც ცეცხლი და შავი, როგორც მეტოქის რისხვა“.
მატჩზე „მილანის“ სხვადასხვა თაობის ლეგენდები მივიდნენ: მალდინი, ინძაგი, ბობანი, ტასოტი, დიდა, პაპენი, რივერა და სხვები. ამ ფოტოს ლეგენდარულობა „მილანის“ ქომაგებს ჟრუანტელს მოგგვრის. სამწუხაროდ, არ არის კახა კალაძე, რომელმაც ლეგენდარულ კლუბში მთელი ცხრა წელი გაატარა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. იყო პერიოდი, როდესაც ქართველი გუნდის კაპიტანიც კი იყო და გარკვეული ხანი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
„სან სირო“ გმირებს ათასობით შარფით შეხვდა.
გულშემატკივრები მილანელომ და ინგლისელმა კილპინმა გაახურეს.
თამაშის შემდეგ სასტუმრო Principe di Savoia-ში საზეიმო საღამო მოაწყვეს. 1899 წელს სწორედ ამ ადგილზე შეიკრიბნენ „მილანის“ დამფუძნებლები, რათა ახალი კლუბის შექმნაზე ემსჯელათ.
გალა-ვახშამზე ლეგენდებს ამჟამინდელი მოთამაშეები და ჰერბერტ კილპინის შვილიშვილები შეურთდნენ. ცერემონია მიყავდა იტალიელ მოდელს და ტელეწამყვან ჯორჯია პალმასს.
სცენიდან მიმართეს მალდინიმ, ბობანმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა. გულიანი სიტყვა თქვა პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ.
„დღეს საღამოს სრულად ვნახე ამ დიდებული კლუბის ისტორია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ გზით ვიაროთ. ბოლო 120 წლის განმავლობაში „მილანი“ გახდა მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლო“.