ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას “ევროპელი სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი გამოეხმაურა და პარლამენტის წევრებს ინიციატივით მიმართა – შეიქმნას კომისია, რომელიც შახტებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და მიზეზებს გამოიკვლევს.
ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, თუ საჭირო გახდება და მიავლენენ, შახტში თვითონ ჩავა:
“ასობით დასახიჩრებული და ათასობით დაზარალებული ოჯახი, ამაზე უნდა შეიქმნას კომისია. რა ხდება, რით ვერ დავამთავრეთ ხალხის დახოცვა შახტებში.
შევქმნათ კომისია, 20 წელია, ეს ხალხი იხოცება. პირველი შემთხვევა არ არის, გამოვიკვლიოთ მიზეზები. მე ამ შახტში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, 30-40 წლის, როცა სეისმოლოგიურ სამსახურს ვხელმძღვანელობდი.
“სკვაზნიაკი” წაგიღებდა ისეთი ვენტილაცია იყო და მეთანი ვერ დაგროვდებოდა. რა ხდება, რა ფული ვერ ჩადეს იმაში, რომ ნორმალური ვენტილაცია დაეყენებინათ. აყენებენ სენსორებს, რომელიც 2 კაპიკი ღირს, ვითომ იცავენ მეშახტის ინტერესებს, რომელმაც ყვირილი უნდა ატეხოს, როდესაც მეთანი მოიმატებს. რომ მოიმატებს მერე იმას განიავება არ უნდა? ამაში ინვესტიცია არ გინდათ განახორციელოთ უკვე 20 წელია.
მოდით შევისწავლოთ რა, თუ გინდათ მიმავლინეთ, “კასკას” დავიხურავ და ჩავალ შახტში. მე მზად ვარ ეს საკითხი დავაყენო” – განაცხადა ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში აფეთქება 30 იანვარს ღამით მოხდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა რვა პირი.