LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წელს რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება – მთავრობის გადაწყვეტილება

123
რთველი

რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

„ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.

რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და 1კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g