ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
დღესვე გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ადგილზე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები. მათ შორის არის იუმორისტი, ვასო ფხაკაძეც.
ფხაკაძის თქმით, „ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი“.
ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“
„რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ.“
მისი თქმით იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს:
„მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი. სუბიექტურად მივუდგები და ვიტყვი, რომ არ არის კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და არ მგონია, რომ [მოსამართლემ] გადაწყვეტილება შეცვალოს.
ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო მართული. ისევ ის ხალხია, მოსამართლეებიდან დაწყებული პროკურორებით დამთავრებული, რა შეიცვლება? იგივე იქნება ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება სისტემა!“, – განაცხადა ვასო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 10 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“