იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს პატიმართა პირობები ბევრად გაუმჯობესებულია.
ამის დამადასტურებლად მინისტრმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ „2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან“.
„პენიტენციურ სისტემაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა მაშინ, როდესაც 2011 წელს არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა და ეს აღიარებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან.
ასევე პატიმართა პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად გაიხსნება შემდგომი წლის დასაწყისში ახალი პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც პასუხობს ყველა დონის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს. ასევე ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად დაინერგა რიგის დაჯავშნის ახალი ფუნქცია და მაგალითად N8-ე დაწესებულებაში ე.წ. გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მსჯავრდებულები, ბრალდებულები და ადვოკატები სარგებლობენ ამ შესაძლებლობით.
პირველად გაიმართა N16 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი შვიდ სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ, თუკი 2012 წლამდე იმართებოდა წამების ფესტივალები, სადაც ერთობოდნენ მართლაც რომ ჯალათები, დღეს იმართება სპორტის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” იუსტიციის მინისტრს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოებით დახვდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების პერფომანსს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს