„როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით დაიწყო. ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ 30 საჩივარია დაწერილი“ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.
მისივე თქმით, „ქობულეთში საარჩევნო უბანზე სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯითაა შესული, ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას“:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით დაიწყო. ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ 30 საჩივარია დაწერილი. კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა. მაშინ, როდესაც ვიცით, რომ თითო ადამიანი ერთი ხმით სარგებლობს, ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე, 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორი ბიულეტენის გაცემა. გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება და ყველა ფაქტზე დაწერილია საჩივარი.
ბათუმის მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით. საბოლოო ჯამში მე-4 უბანზე ერთი აპარატი მდგომარეობიდან გამოვიდა და ხმის მიცემა ორი აპარატით მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც დიდია აქტივობაა. 2 აპარატით ხმის მიცემა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ამომრჩევლისთვის. ქობულეთში გვაქვს შემდეგი ფაქტი: გორგაძეების საარჩევნო უბანზე სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯითაა შესული, ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას.
ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უშუალოდ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას, როდესაც ერთ-ერთი ამომრჩეველი აძლევდა ხმას უბანზე. ჩვენ გვინდა ამ დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოებამ იცოდეს. ჩვენს წარმომადგენლებს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ.
მინდა, საზოგადოებას მეტი აქტივობისკენ მოვუწოდო. ერთადერთი დაზღვევა, რაც გაყალბებას შეუშლის ხელს, ამომრჩევლის დიდი რაოდენობით მისვლაა. ცესკო-ს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ხარვეზები, რაზეც ვისაუბრე, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების უფლება მიეცეთ, როგორც წესი და რიგია“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ აჭარის ოფისის წარმომადგენელმა.
ქვეყანაში საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა – კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო
ცნობისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს