LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშო, თბილი, ტკბილი, ღიმილიანი…გულს გაგიბზარავს იმაზე ფიქრი, თუ რას ხედავდა და რას შეიძლება გრძნობდა” – კოლეგები საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნისას დაღუპულ ჟურნალისტზე

391
BeFunky-collage - 2024-02-07T235116.107

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია.

მიშოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები ემოციური ტექსტებით ეხმაურებიან:

„მიშო…თბილი, ტკბილი, ღიმილიანი, ყურადღებიანი, წესრიგა და ძაალიან საყვარელი ბიჭი დავკარგეთ იმედელებმა…. ყველას გვიყვარხარ, მიშო”, – წერს ეკა ფანგანი.

პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი თათია ზუხბაიაც:

„მიწაში ჩაფლულებზე….
ემიგრანტი დედის გულზე აღარ მინდა ფიქრი, იმ საშინელმა სიკვდილის ჩიტებმა, შვილები რომ გამოგლიჯეს, ერთი კი არა, სამივე….

მერე ამასაც არ დასჯერდნენ, მიწიდან ცაში აიჭრნენ, მრავალგზის გამოცდილ, მფრინავებზე, სწრაფები და მოქნილები… ისევ ის საშინელი ჩიტები გამოდგნენ..

გულს გაგიბზარავს იმაზე ფიქრი, თუ რას ხედავდა და რას შეიძლება გრძნობდა , ჩემი კოლეგა, ღიმილიანი და თავაზიანი მიშო.

ან რა კადრები ინახება, იმ კამერაში, რომელმაც მასთან ერთად იფრინა, და რომელსაც ბოლომდე პროფესიულად უერთგულა.

ვინ რა იცის, ქვემოთ მომლოდინე იმ ჟურნალისტის გულში რა ხდება, წამებში წლების მეგობარი რომ გაუფრინდა…
ან ის მძღოლი რას ფიქრობს,მივლინებიდან ერთით ნაკლები ადამიანით, რომ დაბრუნდა..
რა საზარელი დღეა”, – წერს თათია ზუხბაია.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია „იმედს“ და დაღუპულთა ოჯახებს.

პოპულარულები