ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრეს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მან როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, დააყენა საკითხი მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაყვანაზე. ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე გლდანის მე-18 დაწესებულებაში პატიმრების ე.წ. შუმოკზეც ისაუბრა.
„ბუნებრივია, დღევანდელ რეალობაში გვერდს ვერ ავუვლით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ. ისინი აკვირდებიან ამ პროცესს.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დროულად უნდა მოხდეს მისი გაყვანა შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფალ გარემოში არსებობის შესაძლებლობა.
გუშინ, ჩვენი შესვლის დროს ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, ისმოდა გინება, ისმოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იწვევს ადამიანზე და ეს ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელიც მკურნალობს ორმაგი და დამატებითი ტვირთია,“- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ერიკა ოლსონი, ოპოზიციის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებით ახსნა.
გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ციხის ტერიტორიაზე, მისი მისამართით გინება და შეურაცხყოფა ისმოდა.