გაფრთხილება კერძო სამედიცინო დაწესებულებებმა, დღეს, დავით სერგეენკოსგან მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრმა, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღის ამოქმედებამდე, კლინიკებს მითითებები მისცა და პრობლემების მოსაგვარებლად ვადა დაუწესა, კლინიკების ნაწილი კი პაციენტებისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
„მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ“ – განაცხადა სერგეენკომ დღეს, სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
კლინიკების საერთო ეზო და ანტისანიტარიის მოუგვარებელი პრობლემა
პაციენტებისადმი უყურადღებობის გარდა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრობლემაა კლინიკების ეზოებში ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხითაც. მინისტრის კრიტიკა დაიმსახურეს იმ კლინიკების ხელმძღვანელებმა, რომელთა შენობებს საერთო ეზო აქვთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ ეზოში განთავსებული რამდენიმე კლინიკის ტერიტორიაზე, რამდენიმე თვეა პრობლემად რჩება, სამედიცინო ნარჩენების გატანა. სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ნახევარი წლის განმავლობაში „უმორჩილესად“ სთხოვდა კლინიკების ხელმძღვანელებს, სამედიცინო ნარჩენებისგან ეზოს გასუფთავებას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
მინისტრის ინფორმაციითვე, გაფრთხილების მიუხედავად კლინიკებს საკითხისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლიათ. დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ეს კლინიკები საკუთარ მიდგომებს არ შეცვლიან და სერვისს არ გააუმჯობესებენ, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღაში ვეღარ ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრმა მისი კრიტიკის ადრესატების დაკონკრეტებისგან დღეს თავი შეიკავა.
რას ამბობენ კლინიკები
რადიო „ფორტუნა“ რამდენიმე ისეთ სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა, რომელთაც ერთი შესასვლელი და საერთო ეზო აქვთ. დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ასეთი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს გარშემო მდებარე კლინიკებია.
ნოდარ კაკაბაძე, გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი: „ბუნებრივია, ჩვენ ეს შენიშვნები საკუთარ თავზე არ მიგვიღია, რადგან პერიმეტრი მუდამ მოწესრიგებული გვაქვს. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღაში ჩართვას, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ“.
მინისტრის შენიშვნების ადრესატად საკუთარი თავი არ მიიჩნია, დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ თურმანაულმაც.
„ჩვენ წლების მანძილზე გვემსახურება ორგანიზაცია, რომელსაც ყოველდღიურად გააქვს ნარჩენები. შესაბამისად, არ მიგვაჩნია, რომ ეს შენიშვნები ჩვენი მისამართით იყო“ – აღნიშნა მარიამ თურმანაულმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.
“ქუჩიდან მიღებული და ქუჩაში გაშვებული” პაციენტები
დღესვე, სერგეენკომ, სამედიცინო კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დარღვევების მქონე დაწესებულებებთან თანამშრომლობას სახელმწიფო აღარ გააგრძელებს. შეხვედრაზე, რომელშიც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დავით სერგეენკოს კონკრეტული კლინიკები არ დაუსახელებია. თუმცა, მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა, ათამდე კლინიკა გამოეთიშოს, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრიტერიუმებს. მათ შორის, რამდენიმე მათგანი მოქალაქეებს ფრაგმენტირებულ სერვისებს სთავაზობს. მაგალითისთვის: „არსებობენ კლინიკები, რომლებმაც ნონსენსი მოიფიქრეს. აქვთ ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიცაა მხოლოდ რეეანიმაციული განყოფილება, ქუჩიდან იღებენ პაციენტებს და ქუჩაშივე უშვებენ“ – განაცხადა მინისტრმა.
ქეთი გიგოლაშვილი