LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 3 თვეში, 3 ათასზე მეტი გალელი დააკვეს, რუსი სამხედროების რაოდენობა კი 4 000-ს აღწევს: უჩა ნანუაშვილი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

223
უჩა ნანუაშვილი

რეალურად რუსული ოკუპაცია არის წყარო, სათავე იმ პრობლემის, რომელიც დღემდე გრძელდება და მაქსიმალურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალში,– ასე აფასებს მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი.

“ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნანუაშვილმა რუსული ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედია გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა. მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა გადასასვლელების დახურვას უკავშირდება.

ნანუაშვილმა “ფორტუნას” ეთერში იმ საგანგაშო სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავებებს უკავშირდება.

“2016 წლიდან ფაქტობრივად, უმეტესი პუნქტები დაიხურა. ჩვენ დღეს ორი პუნქტი გვაქვს. იყო პერიოდი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 7 გადასასვლელით სარგებლობდა. წლების განმავლობაში, ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც შეზღუდვები გამკაცრდა. გაივლო მავთულხლართები და ვხედავთ, რომ საუკუპაციო ძალის მხრიდან კონტროლი უფრო და უფრო იზრდება. 4 000-ს მიაღწია რუსი სამხედროების რაოდენობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქ მაცხოვრებელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით არაეფექტურ პოლიტიკას აწარმოებს და ამის კონკრეტული მაგალითები მოყავს.

“ეს არ არის მხოლოდ კარანტინთან დაკავშირებული საკითხი. პანდემიამ ზედაპირზე ამოიტანა ძალიან ბევრი პრობლემა. ეს სამწუხარო ფაქტიც, არის გაგრძელება ერთი მხრივ რუსული პოლიტიკის, მეორე მხრივ იმის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს იმ საჭიროებას, რაც ადგილზე სჭირდებათ –  მეტი დახმარება, მეტი რესურსი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. თუ შევადარებთ ბოლო ინფორმაციას, მიმდინარე წელს, მხოლოდ სამ თვეში, სამი ათასზე მეტი გალელი იქნა დაკავებული რუსი მესაზღვრეების მხრიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. 3 000 ადამიანი, მხოლოდ 3 თვეში.

თუ წინა წლების სტატისტიკას შევადარებთ, დაკავებების რაოდენობა გასამმაგებულია. რატომ მოდის ეს ხალხი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე? რა აიძულებთ მათ, რომ ასეთი რისკის ფასად გადაწყვიტონ, რომ გადმოვიდნენ? ეს არის ის კითხვა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელისუფლება პასუხს ვერ სცემს.

რატომ არ ხდება შესაბამისი პროგრამების ამუშავება თუნდაც ადგილზე, რომ მოსახლეობას პანდემიის პირობებში ჰქონდეს დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს. გალში ადგილობრივები ვერ იღებენ სერვისებს, გადმოდიან იმისთვის, რომ აიღონ პენსია, დევნილის შემწეობა, იყიდონ მედიკამენტები, რომლებიც არ არის მანდ ან არის ძვირი”.- აცხადებს ნანუაშვილი.

წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, ხელისუფლებას აქვს თუ არა ბერკეტი შესთავაზოს თანამოქალაქეებს სერვისის გაუმჯობესება, უჩა ნანუაშვილი პასუხობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებისთვის მთავრობას შესაბამისი ბერკეტი ნამდვილად გააჩნია.

“გალში და საბერიოში არსებობს ორი დაწესებულება, რომელსაც აფინანსებს საქართველოს ხელისუფლება, რათა სამედიცინო სერვისი გაეწიოს ადგილობრივებს. როცა ასეთი მოცემულობა და რესურსია, კარგი იქნებოდა ამ სერვისების გაფართოება, უფრო ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს გადმოსვლა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროგრამებზე, თუნდაც დროებითი დახმარების პროგრამების ამუშავება.

როცა ვსაუბრობთ კარანტინზე, გალელები იგივე პროცედურებით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ნებისმიერი უცხოელი ტურისტი. არანაირი განსხვავება არ არის და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. მესმის, რომ ეპიდსიტუაცია უნდა გაკონტროლდეს,მაგრამ აუცილებელია მათთვის უნდა იყოს გამარტივებული რეჟიმი.

გალში ნებისმიერი ოჯახის გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ინტერესია და ამაში ყველა რესურს უნდა დებდეს ხელისუფლება, რომ ისინი არ ტოვებდნენ გალს. ახალგორიც იცლება ყოველწლიურად ქართული მოსახლეობისგან” – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” უჩა ნანუაშვილმა.

მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

„მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“ – პრემიერი ენგურზე დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

ენგურის გადმოკვეთისას სამი ადამიანი დაიღუპა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების შედეგია: სუს-ი

დაღუპულთა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

magti 5g