LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ „ფილტვის მოსმენით“ დიაგნოზი შეიძლება ვერ დაისვას“ – მაია ბუწაშვილის მნიშვნელოვანი გაფრთხილება

293
2026-02-04_22-37-30_370589

ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო პოსტს გვიზიარებს, რომელიც გულმკერდის აუსკულტაციას („ფილტვების მოსმენას“) ეხება.

„ჩვენთან ადამიანებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ გულმკერდის აუსკულტაციისგან („ფილტვების მოსმენა“). ჩვეულებრივი პრაქტიკაა მეზობელი, ახლობელი ექიმისთვის „ფილტვის მოსმენის“ თხოვნა. შემდეგ, თუ ეტყვიან, რომ „ფილტვები სუფთაა“, ადამიანი სრულიად მშვიდდება და აღარ იწუხებს თავს საჭირო კვლევებით.

არაერთ პაციენტს, რომელსაც აშკარად ჭირდება ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ ეგ უთქვამს, რომ მეზობელ ექიმს „მოასმენინა“ და ყველაფერი კარგად იყო.

გულმკერდის აუსკულტაცია, ანუ „მოსმენა“, რა თქმა უნდა, დღემდე რჩება სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე პაციენტის შეფასების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) მნიშვნელოვან საშუალებად. მაგრამ უამრავი ისეთი შემთხვევაა, როცა ექიმის ყურმა (თუნდაც გამოცდილმა) შეიძლება საერთოდ ვერ დაიჭიროს ის ცვლილებები, რაც შეიძლება მძიმე დაავადებას უკავშირდებოდეს. ამის ნათელი მაგალითი იყო კოვიდის დროს დამძიმებული პაციენტები, სუნთქვის უკმარისობით, რომლებსაც ხშირად „ფილტვის მოსმენით“ ფაქტიურად ნორმა ქონდათ.

პნევმონიის (ფილტვის ანთება) საწყის ეტაპზე, ასევე ფილტვის მთელი რიგი მძიმე დაავადებების დროს „მოსმენით“ შეიძლება არაფერი გამოიკვეთოს და ზუსტად ამ დროს არის გართულებების მაღალი რისკი – პაციენტი მშვიდადაა, რადგან „ფილტვებზე მოუსმინეს და არაფერია“ და თუ სხვა ექიმი ურჩევს, რომ ლაბორატორიული კვლევები და რენტგენი ჭირდება, ეს არ მოწონს და არ იკეთებს.

მოკლედ, სამწუხაროდ, ხშირად პაციენტის შესახებ ინფორმაცია კომპლექსურად გვჭირდება და ერთი, კონტექსტიდან ამოვარდნილი „ფილტვის მოსმენით“ დიაგნოზი შეიძლება ვერ დაისვას“, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g