LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მხოლოდ მიშას გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი” – რა შემთხვევაში შეწყდება მასობრივი შიმშილობა

172
BeFunky-collage (74)

პოლიტიკური დევნის შეჩერება, თავისუფალი სასამართლო და არჩევანის უფლების დაბრუნება – ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების მიზეზად ასახელებს.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, მას არ სურს ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შიმშილობის აქცია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოა ორგანიზებული, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ის გახლავთ ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ მაინც არ ვესწრაფით პერსონიფიცირებას და მხოლოდ მის გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი, არამედ ვსაუბრობთ ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან პოლიტიკური დევნა ეხება არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებსაც, „ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ, ასევე მედია მფლობელების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო“, – აცხადებს წიკლაური და დასძენს, თავისუფალი სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ სამართალი არ იქნება, სხვა საკითხებზე შეთანხმება ძალიან ძნელი იქნება.

წამყვანის კითხვაზე, რა შეიძლება გახდეს იმის ინდიკატორი, რომ პროცესები მართლაც მიდის შერიგებისკენ, წიკლაური აცხადებს, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.

მისივე თქმით, მას ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული შერიგების ინიციატივა აძლევს.

„ჩვენ არ გავურბივართ სასამართლოს, ზოგიერთს ამ საქმის წარმოჩენა ისე უნდა, რომ თითქოს ვითხოვთ უბრალოდ ერთი პატიმრის გამოშვებას.

ჯერ ერთი ეს პატიმარი 20 ქვეყანაში ცხოვრობდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ეს იყო დემოკრატიული ქვეყნები, ევროპა, აშშ და არცერთმა არ გადმოსცა საქართველოს სააკაშვილი. იმიტომ, რომ არ გაიზიარეს საქართველოს პროკურატურის არგუმენტები და შესაბამისად, ეს ადამიანი აღიარებულია როგორც პოლიტიკური დევნილი, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ იარსებებდა მკაფიო დაპირება სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ლელოს ლიდერებისა და მედია მფლობელების მიმართ შეწყდეს დევნა.

გასაგებია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ჩვენსავით მგრძნობიარე შეიძლება არ იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მაგრამ უდავოა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. ახლა არის ფრთხილი ოპტიმიზმი, არის სკეპტიციზმი, ზოგიერთ შემთხვევაში ვაწყდებით მთავრობის ხისტ პოზიციას, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ფუფუნება, რომ მბჟუტავ შუქს არ გამოვეხმაუროთ და ხელიდან გავუშვათ მცირედი შანსი იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს.

არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი და ამიტომ ვეცდებით, სამართლიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მხარი დავუჭიროთ. დროა, ყველა მიხვდეს, რომ ახლა არის საუბრის, დიალოგის დრო და აქ გამოჩნდება, რა იქნება ის საყრდენი წერტილი, საიდანაც ქვეყანა ქაოსის მაგიერ წავა ცივილიზებული განვითარებისკენ“, – აღნიშნავს წიკლაური.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პრეზიდენტის სურვილს ეროვნული თანხმობის ინიცირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის შემდეგ, უკვე ორშაბათს გეგმავს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელია.

წიკლაური აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს შექმნილი  პოლიტიკური სურათის სრული მიუღებლობა აქვს და მათი მოქმედებებიც ამ პასუხის შესაბამისობაშია.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ დამოკიდებულებას, რაც არის მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ყველანაირად ვეცდებით, რომ ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული პროცესი იყოს წარმატებული, ასევე, თვალებს ვერ დავხუჭავთ იმ ჩიხურ რეალობაზე, რაც ქვეყანაშია. იმაზე, რომ ქართული ოცნება არ ცნობს არც ერთ პოლიტიკურ გუნდს, თუ ისინი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან მთავრობისაგან

იოლი ამოცანა არ არის მმართველ გუნდთან რაიმე პოლიტიკურ საკითხზე შეთანხმება, განსაკუთრებით იმ განცხადების ფონზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, უბრალოდ აუხსნელია ამის შემდეგ როგორ უნდა იყოს დიალოგი, მაგრამ ასეთია მათი დამოკიდებულება.

სოზარ სუბარი: „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

ირაკლი კობახიძე ენმ-ს შიმშილობაზე: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ, ტრაგიკომიკური მოვლენაა

თუ გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა გვითხრა, რომ პროკურატურასთან რიგები შეთხელდებოდა, რაც შევწყვეტდით პოლიტიკურ აქტივობას. დღევანდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმაც გაიმეორა უკვე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სასჯელის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აქტიური ან არააქტიური იქნება სააკაშვილი. ამიტომ, ილუზიებით არ ვიკვებებით, რთული პოლიტიკური პროცესია და სწორედ ამ არაორდინარული ვითარების გამო გახდა საჭირო ისეთი ზომების მიმართვა, როგორიცაა მასობრივი შიმშილობა.

შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ: დავით ჭიჭინაძე

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ გახლავთ, რომ ბევრი ადამიანი იჯდეს და პროტესტის ასეთ ფორმას მიმართავდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს კარგად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას.

ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდებით, რომ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქალბატონ ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული შერიგების პროცესი. ჩვენ ველოდებით მისგან კონკრეტულ წინადადებებს, ხედვებს, მას შემდეგ რაც მან ეს იდეა გააჟღერა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. მელიამ მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხად იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება. მისივე განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.

 

magti 5g