LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოეწყოს მათი ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში – ნიკა უკიდურესად განათლებული იყო, დისერტაციაზე მუშაობდა, ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო ივიკოც“ – უჯარმაში გარდაცვლილი ძმების მასწავლებელი

1892
უსათაურო დიზაინი (4)

18 აგვისტოს, სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მდინარე იორის არხში ძმების – 16 წლის ივანე და 20 წლის ნიკოლოზ მახარობლიშვილების ცხედრები იპოვეს. 

რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი: „სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან“

გარდაცვლილების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს მათი მასწავლებელი ნინო ჯალაღონია და ბიჭების ნამუშევრებს აქვეყნებს.

როგორც ნინო ჯალაღონია „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ძმები მისი აბიტურიენტები და ოჯახის უახლოესი ადამიანები იყვნენ. მისივე თქმით, ივიკოს ნახატების  პირველი შემფასებელიც სწორედ ის იყო:

გარდაცვლილი ძმების მასწავლებელი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს, ნიკას და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში მოეწყოს:

„უჯარმაში, მდინარე იორის არხში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამ უბედურების გააზრება.

დაღუპული ძმები გახლდათ ჩემი აბიტურიენტები, თბილისში ჩემი მეზობლები, ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები.

თითქოს დაცარიელდა სამყარო, გული სევდას ვერ იტევს, ცა ჩამოიქცა, მწუხრის ზეწარი გადაეფინა ქვეყანას… დიახ, ორივე ჩემი აღზრდილია.

უფროსი: ნიკოლოზ მახარობლიშვილი თ. ს. უ. მესამე კურსის სტუდენტი იყო, სტიპენდიანტი. უკიდურესად განათლებული, ერუდირებული, ღრმა ინტელექტის მატარებელი. თითქოს ეჩქარებოდა, უკვე მესამე კურსელი დისერტაციაზე მუშაობდა, დარჩა არაერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

მეორე, უმცროსი ძმა ივანე მახარობლიშვილი მე-12 კლასში გადავიდა. ფენომენალური ნიჭის პატრონი. ყოველ მეცადინეობაზე გაოცებული შევყურებდი. მისი უნარი, 16 წლის ბიჭის შესაძლებლობას აღემატებოდა. იყო უაღრესად შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი. პროფესიონალურად ხატავდა, გრაფიკული დიზაინით აწყობდა პერსონაჟებს, სხვა ხედვა ჰქონდა. დღე და ღამე მუშაობდა, ცდილობდა მოესწრო, დაემთავრებინა ნამუშევრები და დაეტოვებინა.
ღმერთო, რა ძნელია ჩემთვის მათზე წარსულში საუბარი.

16 წლის ბიჭს გადაკითხული ჰქონდა საზღვარგარეთის ლიტერატურა: დანტე”ღვთაებრივი კომედია”, გოეთეს “ფაუსტი” და ა.შ.

თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის. ხშირად მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, ასევე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული. სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ რატომ აიკვიატა ეს თემები?

გთავაზობთ, ივიკოს ბოლო ორი თვის ნამუშევრებს. გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ყველა დეტალი:

1. ადამისა და ევას შეხვედრა სამოთხეში. ეს ნაშრომი ტილოზე აქვს შესრულებული.

2. ბარათაშვილი – თავზე დააკვირდით ყორანს, მეორე მხარეს ტაძარი ლექსიდან “ხატის წინ”, დაბლა “მერანი”.

3. გალაკტიონი -“ლურჯა ცხენები”, უკან “რომელი საათია”, გვერდით “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”.

4. რუსთაველი – ტანზე პერსონაჟები და ეპიზოდებია გაცოცხლებული.

ეს ივიკოს ნახატების არასრული ჩამონათვალია. ესენი, სპეციალისტების მიერ შეფასებულია უნიკალურ ნაშრომებად. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.

გამოვდივარ ინიციატივით, მოეწყოს ნიკას და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, რათა გაიცნოს საზოგადოებამ ეს ბიჭები.

ივიკო ხომ ამაზე ოცნებობდა. ამ საქმეს მე ჩავუდგები სათავეში, პირადად მე ვუხელმძღვანელებ და ბოლომდე მივიყვან.

გზას დაგილოცავთ ჩემო მოსწავლეებო, შვილებო.
მშვიდად განისვენეთ ძმებო.

ნუ გეშინიათ, იცოდეთ:
“მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად”. შეხვედრამდე.

თქვენი ნინო მასწავლებელი“, – წერს ნინო ჯალაღონია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები