ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარების მიზეზებს განმარტავს და იქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის რყევა, შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს.
„მოგეხსენებათ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც დადებითად მოქმედებს ლარის კურსის გამყარებაზე. ასევე, მესამედით არის აღდგენილი ტურისტული შემოსავლები. გარდა ამისა, გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ინტერვენციები და ესეც მოქმედებს. ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებიდან გამომდინარეა, რომ ლარი მაისიდან დაწყებული, სტაბილურობას ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე არის სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. თუმცა, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც მიზეზები, რაც დისონანსს შეიტანს ამაში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს ლარის კურსის რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის სტაბილურობას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
