ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში უმრავლესობის მხრიდან მრავალი საკითხია დაყენებული, რომლებიც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მისივე განცხადებით, “ოპოზიცია შეხვედრის დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს”.
„თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რაიმე გვაძლევს, მათ შორისაა დანიელსონის გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დარჩა, რათა მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ვერაფერზე მინიშნებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე არ ხდება! ოპოზიცია არა თუ დეტალებზე საუბრობს, არამედ ამ დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ცუდი ხომ არის, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ უნდა ილაპარაკო და მაინც ლაპარაკობ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე რამაა, როცა ამ დეტალების გარშემო არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. ჩვენ საშუალება გვექნება მოლაპარაკების დეტალებზე ბევრი ვილაპარაკოთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება. არ შეიძლება არც „წითელ ხაზებზე“ და არც სხვა დეტალებზე საუბარი. საუბარი შეიძლება მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი და გამომდინარეობს სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან. მედიაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ პროცესი სამართლიანი პირობებით დასრულება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება დანიელსონის საქართველოში ვიზიტის გაგრძელებას, მდინარაძე განმარტავს, რომ ეს “სასიამოვნო სიურპრიზია”.
“ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა – ეს იყო ძალიან კარგი. გამომდინარე იქედან, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო, ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია. მის დარჩენას ვიღაცეებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ. დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ. ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქით სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ”, – აღნიშნა მდინარაძემ.
