LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოპარული“ უნიკალური Koenigsegg აუქციონზე გაიყიდება – ფოტო

119
1428x1428

აუქციონის სახლი RM Sotheby’s ივლისის დასაწყისში გასაყიდად გამოიტანს ერთ-ერთ უიშვიათეს სუპერქარს – Koenigsegg One:1-ს. საუბარია ექვსი კლიენტისთვის შექმნილი ეგზემპლარიდან მესამეზე, რომელსაც შასის ნომერი 7108 აქვს.

ავტომობილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინ მოექცა, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის მონაკოში ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, ადრიან სუტილის მოპარეს და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადაიყვანეს. ზოგიერთი გამოცემა იმასაც იუწყებოდა, რომ სუპერქარს ინტერპოლი ეძებდა.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. გერმანულმა გამოცემა Bild-მა ავტომობილი მიუნხენში აღმოაჩინა და დაადგინა, რომ Koenigsegg One:1 არასოდეს ყოფილა მოპარული.

გამოძიების ფარგლებში, რომელიც ადრიან სუტილს უკავშირდებოდა, ავტომობილი დროებით ჩამოერთვა და გადაეცა მის კანონიერ მფლობელს – კომპანია AIL Leasing-ს. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სუპერქარი თავდაპირველად სწორედ სუტილის შეკვეთით 2015 წელს შეიქმნა, იმ დროისთვის ის უკვე აღარ ეკუთვნოდა ყოფილ მრბოლელს. 2019 წელს ავტომობილი Koenigsegg-ის დილერმა გამოისყიდა, ხოლო სუტილი მას ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში იყენებდა.

ამგვარად, Koenigsegg One:1 არც გატაცებული და არც საერთაშორისო ძებნაში ყოფილა გამოცხადებული.

მოდელი თავადაც განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს. შვედურმა მწარმოებელმა სულ შვიდი One:1 ააგო, თუმცა ერთ-ერთი ქარხნული პროტოტიპი იყო, ამიტომ მომხმარებლებს მხოლოდ ექვსი ავტომობილი გადაეცათ.

სწორედ ეს ეგზემპლარი გამოირჩევა უნიკალური გაფორმებით – დაუფარავი კარბონის ძარით, შავი ტყავის სალონითა და სპეციალური ვარდისფერი აქცენტებით.

ტექნიკური მონაცემებიც შთამბეჭდავია: ავტომობილი აღჭურვილია 5.0 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 1 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სამ წამზე ნაკლებ დროში ასრულებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ-ს აღწევს.

აუქციონზე გამოტანილი სუპერქარის გარბენი მხოლოდ 4 233 კილომეტრია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 8-დან 10 მილიონ ევრომდე იქნება, რაც მას წლის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სააუქციონო ავტომობილად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები